ბიზნესი
13/08/2022

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია

გაჭიანურებული ბიზნეს დავები და აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელიც ბიზნესს საქართველოში წლებია აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას ხელისუფლებაც და იურისტებიც კარგა ხანია აღიარებენ, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. ამასობაში კი, მაშინ როდესაც მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვა უფრო და უფრო რთული ხდება, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა ამით მცირდება.

ადვოკატთა გარკვეული ნაწილი აღიარებს კიდეც რომ საკუთარ კლიენტებს ურჩევენ ხელშეკრულებებში თავი მაქსიმალურად აარიდონ ქართულ სასამართლოში დავის განხილვას და ალტერნატიული გზები ეძებონ, მათ შორის კერძო ან საერთაშორისო არბიტრაჟი.

რეალურად რა საინვესტიციო პოტენციალი აქვს ქვეყანას, როგორ იყენებს მას და როგორ მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე გაჭიანურებული დავები და აღუსრულებელი სამართალი ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება:

- რა საინვესტიციო ბუნებრივი შესაძლებლობა გააჩნია საქართველოს იმ რთულ რეალობაში რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება?

- მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი, პირველი ეს არის ის გარემო, რასაც ქვეყნის კანონმდებლობა ქმნის. ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენი საკანონმდებლო სივრცე იძლევა ყველა წინაპირობას ქვეყანაში როგორც გარე, ასევე შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად. თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა არ არის საკმარისი წინაპირობა. მნიშვნელოვანია როგორ საინვესტიციო იმიჯს ქმნის თავად ქვეყანა და როგორ მიაქვს ხმა პოტენციურ ინვესტორებამდე. ამ თვალსაზრისით უკვე განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, დამატებითი სამუშაო გასაწევი, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც ჩვენსავით ინვესტიციების მოლოდინშია მრავალი ქვეყანა.

მეორე საკითხია ქვეყნის ე. წ. საოპერაციო კოდექსი, რომელიც მთელი რიგი ელემენეტებისგან შედგება და ბიზნესთან ფორმალისტურ შემხებლობაში არ არის. მაგალითად, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი და ის ხელის მოთბობის (ამ სიტყვის კარგი გაგებით) შესაძლებლობას გვაძლევს. საქართველო შავი ზღვის სანაპირო ქვეყანაა და შავი ზღვა, უსაფრთხოების ელემენტთან ერთად, არის ჩვენი დამაკავშირებული გარე სამყაროსთან, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. ესეც ის გარემოებაა, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

ომმა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მთელი რიგი სატრანზიტო პოტენციალი საგრძნობლად შეკვეცა და წლების მანძილზე დამკვიდრებული სატრანსპორტო არხების გრძელვადიანი პერსპექტივა სათუო გახადა. ამ შემთხვევაშიც მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი მეტად დელიკატური გარემოება. რა თქმა  უნდა, ნებისმიერი ომი ტრაგიკული მოვლენაა, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. თუმცა ჩვენ თუ მას შევხედავთ მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით და ემოციების გარეშე (თუმცა ემოციები ამ შემთხვევაში სრულიად გასაგებია და მეორე მხრივ, ყველანი უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის თანამოზიარენი ვართ), აღმოვჩნდებით შემდეგი ფაქტის წინაშე: მსოფლიო ბიზნესისთვის რეალურად უკრაინული ბაზარი დაიხურა, რუსულ ბაზარზე ბიზნესის წარმოდგენა კი მკვეთრად შემცირდა. ცხადია, რომ ქართული სამომხმარებლო ბაზარი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბი რუსეთთან და უკრაინასთან შედარებით გაცილებით მომცროა, მაგრამ საქართველოს შეუძლია შეასრულოს ერთგვარი ჰაბის - გამტარის - ფუნქცია ამა თუ იმ კომპანიის რეგიონალური ექსპანსიით. ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა და ეს შეგვიძლია გონივრულად, რაციონალურად, პრაგმატულად გამოვიყენოთ. ეს ის შესაძლებლობაა, რომელსაც ისტორია ხშირად არ იძლევა, ხოლო მიმდინარე ომისადმი ჩვენი მაქსიმალური ადამიანური სოლიდარობის პირობით, აშკარაა ისიც რომ ქვეყნის წარმოქმნილი ეკონომიკური პოტენციალი და შესაძლებლობა მაქსიმალურად სათავისოდ უნდა მიმართოს.

არსებული რეალობიდან გამომდინარე მსოფლიოში ახალი ეკონომიკური კონტურები იკვეთება. როგორი იქნება ეს კონტურები, მისი ფორმა და შინაარსი ამაზე საუბარი დღეს ცხარე დებატებს იწვევს, თუმცა ფაქტია, რომ მთელი რიგი ბერკეტების გამოყენება შეგვიძლია ჩვენი კონკურენტუნარიანობის, სარგებლიანობის, ფუნქციონალური საჭიროების გამოსაკვეთად.

- თქვენ შეეხეთ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენის საკითხს, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს, მეორე მხრივ საქართველო ხშირად ხვდება მსოფლიო რეიტინგებში, აქვს ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოების საკმაოდ მაღალი შეფასებები, თუმცა რამდენად ადეკვატურია ეს რეიტინგები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში და რამდენად მოქმედებს ის საინვესტიციო იმიჯზე?

- ხშირად საზოგადოებაში გვესმის უკმაყოფილება რატომ ხდება ისე რომ რეიტინგებში დაწინაურებული ქვეყანა თავისი ეკონომიკური დონით ვერ პასუხობს ამ სარეიტინგო მაჩვენებლებს. ვიდრე ამ თემას განვიხილავთ, რას ნიშნავს ზოგადად ეს რეიტინგები? სარეიტინგო მაჩვენებლებს თავისი დატვირთვა აქვს. ერთი, ეს არის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური დატვირთვის, ერთგვარი სავიზიტო ბარათი, რითაც შეგვიძლია საინვესტიციო გარემოს წინაშე მოვიწონოთ თავი, განვიმტკიცოთ პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო გამოკითხებში ქვეყნის პოზიციონირება ყოველთვის არ პასუხობს არსებულ მდგომარეობას, ქვეყნის საწყისი პრეზენტაცია ახალი ინვესტორის წინაშე სწორედ ამ რეიტინგებზე დაყრდნობით ხდება. ამიტომაც, ასეთ რეიტინგებს ზურგს ვერ ვაქცევთ და არ უნდა მივანიჭოთ იმაზე ნაკლები მნიშვნელობა ვიდრე მათ რეალურად აქვს. მეორე, სწორედ ეს რეიტინგები განსაზღვრავს ქვეყნის მხრიდან კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობას, სასესხო კაპიტალის მოპოვების სიმარტივესა თუ სირთულეს, ისევე როგორც ქართული ეკონომიკისათვის ასეთი კაპიტალის სიძვირეს, მის რეალურ ფასს.  რამდენადაც უფრო სტაბილურად აფასებენ ქვეყანას სარეიტინგო სააგენტოები, იმდენად უფრო მაღალია საინვესტიციო მიმზიდველობა; მასზეა დამოკიდებული, აგრეთვე, თუ რამდენად ძვირი თუ შედარებით იაფი იქნება ის ფული რომელიც ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკაში მოვიზიდოთ.

თუმცა... მართალი ხართ როდესაც საუბრობთ არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა ფაქტორებზეც, შიდა ფაქტორებზე საუბრისას კი მნიშვნელოვანია ინსტიტუტების გამართული მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება ქვეყნის სასამართლო სისტემა, მისი მართლმსაჯულება. თუ ჩვენ სასამართლოს განვიხილავთ როგორც მომსახურების გამწევს კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რა დატვირთვა ექნება ასეთი მომსახურების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. ამ კონტექსტში ხაზი უნდა გავუსვათ ერთ ქრონიკულ პრობლემას, რომელიც ახასიათებს ჩვენს ქართულ მართლმსაჯულებას - ეს არის ვადაში გაჭიანურებული სასამართლო დავები.

- გაჭიანურებულ სასამართლო დავებზე საკმაოდ დიდი ხანია არსებობს უკმაყოფილება ბიზნესში, თუმცა კარგა ხანია მდგომარეობა არ იცვლება. რამდენად რთულია თავად ბიზნესის ასეთ პირობებში ფუნქციონირება და რაში ხედავთ გამოსავალს?

- პოტენციური ინვესტორი ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რამდენად ჯანსაღია ფისკალური პოლიტიკა და ა.შ.... ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი თვალსაჩინოა და შესაშური მდგრადობით გამოირჩევა. მონეტარული პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისითაც მეტად წარმატებულია, მაგრამ მხოლოდ ჯანსაღი ფისკალური თუ მონეტარული პოლიტიკით, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობით ინვესტორის მოზიდვა რთულია. თანაბრად მნიშვნელოვანია სადაო საკითხების დროული მოგვარება და სასამართლოს მიღებული ასევე გადაწყვეტილების დროული და ეფექტიანი აღსრულება.

ნორმალური ბიზნეს ურთიერთობის მიმდინარეობისთვის დავაში შესვლა ჯერ ერთი, რომ უკვე დიდი დისკომფორტია და შემდეგ უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისმა მოუგვარებლობამ ბიზნესი, შესაძლოა, საბოლოოდ ამოაგდოს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმიდან. ეს ის პრობლემაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებელია. ჩვენ ხშირად გვსმენია სასამართლო რეფორმის სხვადასხვა ტალღაზე, არაერთი ასეთი ტალღისებური რეფორმა გვაქვს განხორციელებული. მაგრამ თუ ჩვენ ჩვენსავე პასუხში ერთგვარ ლიტერატურულ ფორმას მივმართავთ, სასურველი არის რომ ამ გაჭიანურებული ტალღების სანაცვლოდ ერთი პასუხისმგებლიანი „ცუნამისებური“ რეფორმა მოხდეს სასამართლოებში არსებული გამოწვევების საბოლოოდ გადაჭრისათვის.  სწორედ ამ ძირითად საკითხს უკავშირდება ბიზნეს დავების დადგენილ ვადებში განხილვა და ეს ასევე პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობასთან.

- ერთი მხრივ ბიზნესი საუბრობს გაჭიანურებულ დავებზე, მაგრამ მეორე მხრივ მიათითებენ რომ დავის დადებითად გადაწყვეტილების შემთხვევაში პრობლემებია აღსრულების ნაწილშიც და ისიც ისეთივე ხანგრძლივი ვადით ყოვნდება როგორც სასამართლო დავები. აქვე საუბარია, პროცესზე გარკვეული ჯგუფების მხრიდან მავნე ზეგავლენაზე და სხვა სუბიექტური ხასიათის ნეგატიურ მოვლენებზე.

- კონკრეტული ფაქტების შესახებ ჩემთვის უცნობია, მაგრამ თუ გარკვეული კვლევები ამას ადასტურებს ან თუნდაც რომელიმე ერთმა კონკრეტულმა ბიზნესმა ამის შესახებ დაიჩივლა, მნიშვნელოვანია საკითხის გამოკვლევა და აუცილებელია თითოეული ასეთი საკითხის სრულფასოვანი ანალიზი, რათა მთლიანობაში არ დაზიანდეს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი.

- პრობლემურია ბიზნესიდან გამოსვლაც, რაც ასევე გახანგრძლივებულ და რთულ პროცედურებს უკავშირდება, ამ ფონზე კი ბიზნესის დარეგისტრირება საქართველოში სულ რამდენიმე საათში შეიძლება და ავტორიტეტულ რეიტინგებში ხშირად მოწინავე პოზიციაზე ვართ, ეს გვაძლევს დამშვიდების საშუალებას?

- ის რომ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთი მანიშნებელი არის კომპანიის რეგისტრაცია, შეიძლება უკვე მოძველებულ ვერსიად ჩაითვალოს, რადგან არაერთმა ქვეყანამ შეძლო და მიაღწია იმას, რომ ბიზნესს აძლევს სწრაფ და ეფექტიანად დაფუძნების შესაძლებლობას. მაგრამ ბიზნესის წარმოება არ არის მხოლოდ კომპანიის რეგისტრაცია, ბიზნესის წარმოება არის მისი შემდგომი ოპერირების არაერთი ფაზა. ასე მაგალითად, არსებითია თუ რამდენად ხელშემწყობი არის კანონმდებლობა არამხოლოდ ბიზნესის დაფუძნებისა და მისი წარმოების, არამედ ბიზნესიდან სწრაფი გასვლის თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ ბიზნესკანონმდებლობაზე საუბრისას, იქნება ეს აღსრულება, ლიკვიდაცია თუ სხვა, ქვეყნის საკანონმდებლო სივრცე უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული კრედიტორზე, შელახული უფლებების დროულ და ეფექტიან აღდგენაზე. მესმის, რომ საზოგადოებაში გარკვეული თანაბრობა აუცილებელია და საქართველოს კონკურენტუნარიანობა შეუძლებელი იქნება ერთგვარი სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ელემენტების გარეშე, მაგრამ არა ბიზნესის კეთების სფეროში. მაქვს განცდა, რომ ჩვენი ბიზნეს კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადაჭარბებულად არის დატვირთული სოციალური ელემენეტებით, ამიტომ რაც შეიძლება მეტი აქცენტი კრედიტორის, დაზარალებული მხარის უფლებებზე, რაც შეიძლება უფრო მეტი არსობრივი შედეგიანობა ასეთი უფლებების რეალიზებაზე ნორმალური საქმიანი დინებისა და ურთიერთობების სწრაფად აღდგენის მიზნით. ამ მხრივ მომჩივანის, ბიზნესის ვისი უფლებაც შეილახა, ინტერესებშია არა მარტო თვით სასამართლო პროცესის გამართულობა, არამედ სასამართლოს შემდგომი პროცესი, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპი. სწორედ ასე განიზომება უფლების აღსადგენად მთლიანი სამართალწარმოების შედეგიანობა და არა მისი ცალკეულ სტადიებად შეფასებით. ამდენად, დასრულდეს უნდა თავმომწონე საუბრები მხოლოდ კომპანიის რეგისტრაციის ასპექტზე და ყურადღება საქმის შეუფერხებელი ოპერირების სხვა კრიტიკულ ასპექტებს უნდა მიეძღვნას. შესაბამისად, ქართულ რეალობაში მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხი ჯერაც მოსაგვარებელია, საქმიან და სასამართლო პრაქტიკაში სწორად დასატესტია. განვმეორდები, რომ მეტი აქცენტი კრედიტორზე, ბიზნეს ინტერესზე, რაც სტიმულის მიმცემი იქნება ქვეყანაში უფრო ასევე მეტი ინვესტიციის მოსაზიდად.

- ხომ არ შეილახება სახელმწიფოს ინტერესები?

- ჩვენი მოწოდება არ უნდა გავიგოთ როგორც საჯარო და კერძო სუბიექტებს შორის დისკრიმინაციისაკენ მოწოდება საჯარო ინტერესის ხარჯზე. მთავარი გზავნილი და  საზრუნავია „უსწორობა გასწორდეს“ დროულად და „სამართლის ქმნა“ მოხდეს სწრაფად და ეფექტიანად. სხვაგვარად წინა სადაო, სადაო ან დავის შემდგომი გამოწვევების სწორი და ადეკვატური განმუხტვისა და შესატყვისი სამართლებრივი  რეაგირების მექანიზმების გარეშე შეუძლებელი იქნება საინვესტიციო გარემოზე საუბარი მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობის ჭრილში. ეს მექანიზმები უნდა იყოს სწორად და საჭირო ხარისხით მორგებული,  რათა კონფლიქტური ან კონფლიქტს მიახლოებული სიტუაციების გადაწყვეტა ქვეყანაში ხდებოდეს იმ მოლოდინების თანახმად, რომელიც ინვესტორს აქვს, თუმცა სახელმწიფო მოლოდინებთან აუცილებელ ბალანსში. ამ მხრივ, სწორი პარიტეტი არის ერთ-ერთი წინაპირობა, რითაც შესაძლებლობა გვექნება ინვესტიციების მომლოდინე ქვეყნების რიგში არაერთი ნაბიჯით დავწინაურდეთ და წინ გადავინაცვლოთ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები