ბიზნესი
06/11/2020

ვირტუალური ოპერატორების შემოსვლაზე "მოსაზრებათა ომი" გრძელდება - მაგთი Deloitte-ის პასუხს აქვეყნებს

კომპანია "მაგთიკომი" საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Deloitte-ის პასუხს ავრცელებს. საქმე კვლავინდებურად ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებას ეხება. მარეგულირებლსა და კომპანიას შორის "მოსაზრებათა ომი" კარგა ხანია დაწყებულია და როგორც ჩანს არც მალე დასრულდება. 

მაგთის ახალ განცხადებაში მითითებულია, რომ კომუნიკაციების კომისიამ იგნორირება გაუკეთა მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

"მაგთი" აცხადებს, რომ კომისიის მხრიდან დოკუემნეტების სათანადო შესწავლის მოლოდინი ჰქონდა, ელოდა ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნეობოდა ქვეყნისა და მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებისათვის.

"კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით და იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია - აუდიტორული კომპანიის Deloitte-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიის განცხადებაზე.

Deloitte-ის პასუხი კომისიას: 

  • ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ საქართველოს მობილური ბაზარი - ჩვენი ანალიზი და შეფასება გამყარებულია მონაცემებითა და ფაქტებით.
  • არსებობს ცალსახა მტკიცებულება, რომ მობილური მომსახურების ფასები საქართველოში ხელმისაწვდომია და ზოგადად საცალო სეგმენტის ბაზარი კარგად მუშაობს - მიგვაჩნია, რომ ბაზარზე საკმარისად დაბალი ფასების და მომხმარებლებისთვის არჩევანის მიცემის შესაძლებლობის შედეგია დაბალი პორტაბელურობა.
  • ჩვენ ვხედავთ მომსახურების დიფერენცირებას (განსხვავებული ხარისხი, დაფარვა, ფასი) საქართველოს ბაზარზე, როგორც ბაზრის სტრუქტურულ კომპონენტს. ამიტომ, ფასების ანალიზის ნებისმიერი მეთოდოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს მომსახურების ხარისხს და დაფარვის დონეს ან გამორიცხავს VEON-ის სერვისებს, ჩვენი აზრით, არ ასახავს საქართველოს ბაზრის რეალობას.
  • საქართველოს ბაზარი არ შემოიფარგლება მხოლოდ მობილური ხმოვანი მომსახურებით. ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ამ ქვე-სეგმენტზე, ჩვენი აზრით, არ შეიძლება, გავრცელდეს და განზოგადდეს საქართველოს მთლიან მობილურ ბაზარზე.
  • გარდა ამისა, COVID-მა უარყოფითი გავლენა მოახდინა მობილური სერვისის პროვაიდერებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენადაც  მომხმარებლებს შეეზღუდათ გადაადგილების შესაძლებლობა და შემცირდა გადახდისუნარიანობა. აღნიშნული ფაქტორი ანალოგიურ გავლენას იქონიებს MVNO–ებზეც და ინვესტორებმა, რომლებიც ახალი ვირტუალური ოპერატორების დაფინანსებას გეგმავენ უნდა გაითვალისწინონ COVID-ით გამოწვეული დამატებითი რისკები.
  • და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლოა არასწორად წაიკითხა ან არასწორად აღიქვა ჩვენი ზოგიერთი განცხადება ან მოსაზრება. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ განვმარტავთ მათ აღნიშნულ დოკუმენტში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლის საკითხზე აღნიშნა, რომ ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა რისკებთან კავშირში არაა. თავის მხრივ კი იმედი გამოთქვა, რომ მარეგულირებელი ტენდენციური გავლენებისგან გათავისუფლებას შეძლებდა. ჯერ-ჯერობით მხარეები თავიანთ აზრზე რჩებიან და არც პასუხის პასუხს უჩანს დასასრული.

მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების გამოჩენა მომავალი წლიდან იგეგმება. მარეგულირებელი ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასებს, მრავალფერონავი არჩევანს, მომსახურების მაღალი ხარისხსა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ელის.

MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით. როგორც თავის დროზე მარეგულირებელმა განაცხადა, ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე შემოვლენ და დაიწყებენ ოპერირებას, რადგან ისინი უკვე არსებული მობილური ოპერატორების, „მაგთიკომი“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მიაწვდიან მომხმარებელს მომსახურებას.

კომისიამ ჯერ კიდევ აგვისტოში მსოფლიოში არსებული სტატისტიკაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეტში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება.

 

Businesspartner