ბიზნესი
17/11/2020

"ვივიენი" ბიონატურალური კოსმეტიკის ექსპორტზე გატანას გეგმავს

„ვივიენი“ ქართული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც თავის მოვლის უნიკალურ და ნატურალურ საშუალებებს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ „ვივიენის“ შექმნის მიზანი, ქართველი ქალბატონებისთვის ბიონატურალური პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზება იყო.

„ბევრი კარგი რეცეპტი შთამომავლობით მივიღე. თავის მოვლის საშუალებებს ვაწარმოებდი მხოლოდ ჩემთვის და მეგობრებისთვის. მივხვდი, რომ მოთხოვნადი იყო და ამიტომ გადავწვიტე დამეფუძნებინა კომპანია „ვივიენი“.  მინდა ყველა ის პროდუქცცია, რაც ევროპაში იყიდება ქართველი მომხმარებლისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენი საფასო პოლიტიკაც შესაბამისად გვაქვს განსაზღვრული. პანდემიის დროს მაღაზია დავკეტეთ, თუმცა ერთგული მომხმარებელი სახლში გვაკითხავდა და იძენდა საყვარელ პროდუქციას. იმის მიუხედავად, რომ შემოსავლი შეგვიმცირდა, კომპანიამ ეს რთული პერიოდი საკმაოდ კარგად გადალახა", – აღნიშნავს სალომე ჭელიძე.

„ვივიენის“ პროდუქცია ამერიკიდან შემოტანილი ნედლეულით მზადდება. ბრენდის წარმომადგენლის თქმით, საზღვრების ჩაკეტვის გამო ნედლეულის ჩამოტანასთან დაკავშირებით შეფერხება იყო, თუმცა საკმარისი მარაგის გამო წარმოების პრობლემა არ შექმნილა.  

„გვაქვს სხვადახსხვა პროექტი და სამომავლო გეგმები, ვფიქრობთ, ამერიკაშიც დავიწყოთ "ვივიენის" პროდუქციის წარმოება. ესპანეთი და უკრაინა დაინტერესდა ჩვენი კომპანიით, გვაქვს მოლაპარაკებები. როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება "ვივიენის" პროდუქციას ექსპორტზე აუცილებლად გავიტანთ. ასევე, ვგეგმავთ სავაჭრო ცენტრებში მაღაზიების გახსნას და სტენდების განთავსებას. ვაპირებდით დიდ მარკეტებში და სააფთიაქო ქსელებში პრიდუქციის შეტანას თუმცა, იმის გამო, რომ დამოკიდებულ ვართ ლარის კურსზე და ეკონომიკურ პრობლემებზე, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან დროებით თავს ვიკავებთ,“– ამბობს „ვივიენის“ დამფუძნებელი სალომე ჭელიძე.

რაც შეეხება, ფინანსურ მხარეს, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. საწარმოში რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, რომელიც ქმნის ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებს და ფუთავს პროდუქციას.

 

Businesspartner