ბიზნესი
22/09/2022

WiFisher-ი საკუთარ ბიზნესმოდელს მეტავერსში ნერგავს

ქართული კომპანია ფიზიკურ სამყაროს გასცდა და ახლა უკვე საკუთარ ინოვაციურ სერვისს ვირტუალურ სამყაროში ნერგავს - სტარტაპი WiFisher-ი უკვე მეტავერსშია წარმოდგენილი.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა, WiFisher -ის მომსახურებით მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო კომპანიები ინტერესდებიან.

„მეტავერსში თანამშრომლობის მიზნით, უკვე დაგვიკავშირდნენ კომპანიები დიდი ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან. მათი ინტერესია WiFisher -ის ბიზნესმოდელის დახმარებით, ვირტუალურ სამყაროში სხვადასხვა კომპანია შემოიყვანონ. WiFisher ფეხს უწყობს მომავლის ტრენდს, ის გასცდა ფიზიკურ სამყაროს და ახალ მწვერვალებს ვირტუალურ სამყაროში იპყრობს. შესაბამისად, ჩვენც ინვესტიციებს ამ მიმართულებით ვაბანდებთ“, - აღნიშნა ნოდარ ივანიძემ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, WiFisher-ის ინოვაციური სარეკლამო ხაზით, ანუ უფასო WiFi-ით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით, აეროპორტებში, მოლებში, რესტორნებში, კაფეებში და სხვადასხვა ობიექტშია შესაძლებელი. ამავე მომსახურებას კომპანია სომხეთს, ყირგიზეთს და ლატვიას სთავაზობს.

შეგახსენებთ, WiFisher 2015 წელს შეიქმნა კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზების მიზნით. კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებდა თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინტერნეტით განეთავსებინათ WiFi რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა საკმაოდ მარტივია – მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ან „ლეპტოპის“ ეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო. გარდა ამ მომსახურებისა, WiFisher-მა დანერგა SMS მარკეტინგული სერვისიც, რომლითაც ასევე უამრავი მსხვილი კომპანია სარგებლობს.

Businesspartner