ბიზნესი
04/06/2021

ზეთი 85%-ით გაძვირდა - რამ გამოიწვია ფასის რეკორდული ზრდა

საქსტატის ინფორმაციით, მაისში მზესუმზირის ზეთი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით გაძვირდა. თუმცა, იმ კონტრაქტებიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ იმპორტიორ კომპანიებს უცხოელ მწარმოებლებთან აქვთ გაფორმებული, პროდუქტზე ფასი 2020 წლის შემდეგ გაორმაგებულია.

როგორც სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის“ ფინანსური დირექტორი, დიტო რამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ფასთა ასეთი ცვლილების უმთავრესი მიზეზი 2020 წელს უკრაინასა და რუსეთში მზესუმზირის ცუდი მოსავალია, რასაც მიმდინარე წელს საქართველოში ლარის მკვეთრი გაუფასურებაც დაერთო თან.

„საშუალო შეწონილი ფასი შეიძლება 85%-ია, მაგრამ ჩვენი კონტრაქტებიდან გამომდინარე, ფასი 105%-აც არის გაზრდილი. შარშან ოქტომბერთან შედარებით, კი ზეთზე ფასმა 100%-ზე მეტად არის მოიმატა.

უკრაინასა და რუსეთში 2020 წელს მზესუმზირის ცუდი მოსავალია. ეს ორი რეგიონი კი ყველაზე დიდი მომმარაგებელია. ცუდმა მოსავალმა გამოიწვია სპეკულაციური მომენტები. ფერმერებმა მოიმარაგეს მზესუმზირა იმის იმედით, რომ შემდეგ ფასში მოიგებდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს პორცია-პორცია გაყიდვა და ხელის მოჭერა, რამაც ავტომატურად გამოიწვია ფასის ზრდა. მზესუმზირის ზეთი ხორბლის მსგავასად ბირჟაზე კვოტირებადი საქონელია და ყოველდღიურად განისაზღვრება მისი ფასი. ეს სპეკულაციური მომენტი კი პირდაპირ აისახა ფასზე. ზეთის გაძვირება ოქტომბრიდან დაიწყო, პიკს კი იანვარ-თებერვალში მიაღწია. გაძვირების კიდევ ერთი ფაქტორია ლარის კურსის გაუფასურებაც“, - აღნიშნა რამიშვილმა.

მისივე თქმით, პროდუქტზე ფასის დარეგულირებას იმპორტიორი კომპანიები სექტემბრამდე არ ელოდებიან.

„დოლარის კურსმა დაიწია, ფასის შემცირება დაიწყო ბირჟაზეც. თუ კარგი მოსავალიც დაგვეხმარა, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველზე იმედი გვაქვს, რომ ფასი აღარ გაიზრდება. ალბათ, დაიკლებს კიდეც. თუმცა ამ დროის მონაცემებით, უახლოესი ერთი თვე არაფერი შეიცვლება. ფასი ყოველი პარტიის მიხედვით განისაზღვრება. კონტრაქტით მხოლოდ მოცულობები განისაზღვრება, ფასი კი არა. ჩვენ დაახლოებით 500-მდე ტონა მოხმარება გვაქვს. თვეში ერთხელ, ან 40 დღეში ერთხელ ახლდება მარაგები. ფასიც ამის მიხედვით დგინდება“,- განმარტა „მზიურის“ ფინანსურმა დირექტორმა.

კომპანია „მზიურს“ საქართველოში პრემიუმ კლასის ზეთი „ოლეინა“ შემოაქვს.

Businesspartner