ბიზნესი
06/12/2021

ზღვაში დაძველებული პირველი ქართული ღვინო აუქციონზე 500 ლარად გაიყიდა

ზღვაში დაძველებული პირველი ქართული ღვინო - რქაწითელის ნიჟარებიანი ამფორა აუქციონზე 500 ლარად (160 აშშ დოლარი)  გაიყიდა.

როგორც იდეის ავტორი, ზღვის ეკოლოგი დავით ნიკოლეიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ღვინო მეზობელ ქვეყანაში კრიპტოვალურების ერთ-ერთი კომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა იყიდა.

„ქართულ მეღვინეობაში მე და ჩემმა მეგობრებმა იმ გზის გაკვალვა დავიწყეთ, საითკენაც არასდროს არავინ იხედებოდა და იქ რაიმე სერიოზული საქმის კეთება დღემდე წარმოუდგენელად მიაჩნიათ. არადა, მე ყველას, მათ შორის მსხვილ ბიზნესმენებსა და ჩვენს მთავრობასაც ყოველთვის ღიად და პირდაპირ ვეუბნებოდი და მოვუწოდებდი შავი ზღვის აკვატორიის და განსაკუთრებით წყალქვეშ არსებული ტერიტორიების გონივრული ათვისების მიზანშეწონილობაზე, რადგან ზუსტად იქ არის დამალული საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი პერსპექტივა და პოტენციალიც.

არ ვიცი კიდევ სადამდე ვაპირებთ ქართველები ზღვის პირას უქმად დგომას და ცისფერი პლანეტისათვის ველური ტომებივით შორიდან შიშით ყურებას, მაგრამ ჩვენ სხვებს უკვე ვეღარ დაველოდებით,“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის შავ ზღვაში 70-მდე ღვინო გადის დავარგების პროცესს, უახლოს მომავალში კი კიდევ 70 ბოთლი დაემატება.

„ახლა ვავარგებთ 10 ლიტრ ხაშმის საფერავს, 10 ლიტრ უსახელოურს, 10 ლიტრ რქაწითელს, 10 ლიტრ გურულ მწვანეს და 70 ლიტრ ოცხანურის საფერეს,“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს კანონმდებლობა, კომპანია ვერ ახერხებს ტერიტორიის  იჯარით  აღებას.

„1 ჰა ტერიტორია თუ გვექნება ძალიან კარგი იქნება.  ღვინის დავარგებისთვის ბევრი ფაქტორის არსებობაა მნიშვნელოვანი. პირველი, მოლუსკები უნდა მოედოს და მეორე, დაბალი ტემპერატურა,“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ზღვის ეკოლოგი  საკმაოდ ამბიციურ გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, თუ მთავრობისგან ხელშეწყობა იქნება, უახლოეს მომავალში საქართველოში საზღვაო ფერმერობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი გახდება. მათ შორის, განვითარდება ზღვაში ღვინის დავარგებაც, ეს კი ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირების საშუალებას მისცემს.

„მეღვინეობაში ზოგადად უზარმაზარი კონკურენციაა, ეს მიმართულება კი საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთშიც ახლა ვითარდება, კონკურენცია არ არის, მოთხოვნილება კი დიდია. ხორვატები 1 ბოთლ ქვიშაში შენახულ ღვინოს 300 ევროდ ყიდიან. დიდი სურვილი გვაქვს, რომ წყალქვეშა ტურიზმი და საზღვაო ფერმერობა განვითარდეს. ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზეც, საუბარია, დაახლოებით  300 000 ევროზე, ამ თანხით ჩვენ საქმეს ბიზნესის სახე მივცემთ,“ - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

 

Businesspartner