ბიზნესი
08/09/2020

ზვიად კორძაძის "ბარბალეს მარანი“ სექტემბერის ბოლოს გორგასლის ქუჩაზე გაიხსნება

სექტემბერის ბოლოს ძველ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე სადეგუსტაციო სივრცე „ბარბალეს მარანი“ იხსნება. კომპანიის დამფუძნებელმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, რომელიც მეღვინეობას უკვე ორი ათეული წელია ეწევა, გადაწყვიტა საკუთარი ღვინოები ბაზარზე სარეალიზაციოდ გაიტანოს.

მისი ინფორმაციით, სივრცეში 10-მდე დასახელების ღვინო გაიყიდება. მათ შორისაა, ციცქა, ცოლიკაური, ოცხანური საფერე, უსახელაური, იმერული, მწვანე და რქაწითელის კუპაჟი, ლეჩხუმის ცოლიკაური, ხიხვი და კრახუნა. როგორც კორძაძე აცხადებს, ღვინოები საშუალო საფასო სეგმენტის იქნება.

ზვიად კორძაძეს მარანი შინდისში აქვს, იყიდა ქვევრებიც. როგორც ცნობილი ადვოკატი ამბობს, ხშირად არ გვჯერა რასაც სახელმწიფო გვთავაზობს და ცდა ნამდვილად ღირს. 

"იაფი კრეფიტის ფარგლებში ბანკს მივმართე და 30000 ლარით დამაფინანსეს. 15%-იანი სესხიდან 11%-ს სახელმწიფო აფინანსებს და 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 4%-ის, ანუ 600 ლარის გადახდა მიწევს. ზოგჯერ უნდა ვცადოთ, უნდა მოვსინჯოთ" - ამბობს კორძაძე.

რაც შეეხება მევენახეობას, ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ მევენახეობა და მეღვინეობა სხვადასხვა საქმეა, ამიტომ ის მეღვინეობით შემოიფარგლება, თუმცა პატარა საკუთარი ვენახიც აქვს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ბარბალეს მარანი“ დაახლოებით 10 ტონა ყურძნის გადამუშავებასაც გეგმავს. სამომავლოდ განიხილება ღვინის ექსპორტზე გატანაც.

პროექტში 100 000 ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები