ბიზნესი
13/05/2022

ზვიად ციკოლიას სათვალე Kolkhis-ი სავარაუდოდ ივლისიდან გაიყიდება

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია სათვალეების სარეალიზაციო ქსელში გაშვებას ივლისიდან გეგმავს. საუბარია, მოდელ Kolkhis-ზე, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს.

როგორც დიზაინერი აცხადებს, სათვალის სავარაუდო ღირებულება 400 - 600 ლარი იქნება.

მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე წარმოებაში 6 ფერის სათვალე იქნება, სამომავლოდ კი  ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება.

„ეს სათვალე გათვლილი იქნება როგორც ქალბატონებზე, ისე მამაკაცებზე. ყველას მოუხდება. 20-დან 19 სახეს ერგება. წარმოებული იქნება როგორც მხოლოდ ჩარჩო,რომელშიც სურვილისამებრ შესაძლებელი იქნება მომხმარებელკმა ოპტიკური მინები ჩასვას, ისე ფერადი მინებით, ეგრეთ წოდებული მზის სათვალე,“-აცხადებს ციკოლია.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტია. მათ შორისაა, Tsikolia Watches-ი, რომელიც ქართული საათების ბრენდია. პროდუქტი განსაკუთრებული დიზაინით შვეიცარიაში მზადდება და უკვე წლებია ბაზარზე საკუთარ ნიშას ინარჩუნებს.

 

 

Businesspartner