ბლოგი
04/03/2023

არჩევანთა გზაგასაყარზე: როდესაც მათი სიმრავლე დამაბნეველია, ხოლო სიმცირე შემზღუდველი (მეორე ნაწილი)

უპოლუსო თუ მრავალპოლუსიანი?

ეს სიტყვათა თამაში არ არის, რადგანაც - უპოლუსო თუ მრავალპოლუსიანი - არსებითად, განსხვავებული ეფექტის მატარებელია. თუმცა ორივე მათგანს ახასიათებს ის, რომ არ არსებობს ერთპიროვნული გლობალური ჰეგემონია ან  გლობალური გავლენების გადასანაწილებლად ორი ზესახელმწიფოს მიერ „პირის შეკვრა“. თუმცა ამ ორის მსგავსება აქ მთავრდება და შემდეგ უკვე უფრო განსხვავებები იჩენს თავს. ზოგან ასეთი განსხვავება სტრუქტურულია, ზოგან – ფუნქციონალური, მაგრამ ორივე შემთხვევაში გლობალური (უ)წესრიგ(-ობ)ის სხვადასხვა რეჟიმებზე გავდივართ.

უპოლუსო არამარტო „გადაწყვეტილების მიმღებთა“ სიმრავლით და სიჭრელით ხასიათდება. რაოდენობასთან ერთად, ამ სისტემას სერიოზული ფუნქციონალური ხარვეზები აქვს, რაც, საბოლოოდ, საერთაშორისო ურთიერთობის უსისტემობასა და მაღალი არასტაბილურობაში ვლინდება. მეტიც, კონკრეტული გლობალური საფრთხისა და გამოწვევის წინაშე, უპოლუსო სისტემამ, შესაძლოა, სულაც კოლაფსი განიცადოს. ერთი სიტყვით, უპოლუსობის პირობებში კავშირი ძალაუფლებასა და გავლენას შორის მეტად სუსტი, პრაქტიკულად კი - არარსებულია. ეს ვინმეს იქნებ მოეწონოს კიდეც, მაგრამ თანამედროვე რთულ გამოწვევებთან ერთად, ასეთი კავშირის არარსებობა უკონტროლობასა და ქაოსს მიახლოვებულ ნაპრალს ქმნის. ამდენად, უპოლუსო სისტემა (თუ უსისტემობა) მხოლოდ სხვა სისტემების აკადემიური კვლევის ათანმდევ ფონად თუ გამოდგება. საერთაშორისო საკითხთა მართვის თუ პროგნოზირებადად წარმართვის პრაქტიკული მიზნით კი, ფაქტობრივი პასუხისმგებლობისაგან დაცლილი ამ მოდელის ფასი ნულს უახლოვდება.

ამდენად, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ერთპოლუსიანი წესრიგის ჩამნაცვლებელი ორპოლუსიანობის შესაძლო ალტერნატივა მულტილატერალური, ანუ მრავალპოლუსიანი მოწყობის სისტემაა, რომლის თაობაზეც მკითხველთან რამდენიმე უკვე კარგად ნაცნობ საკითხზე უნდა შევჯერდეთ და რამდენიმე ახლებურად დანახულ ასპექტსაც შევეხოთ.

მრავალპოლუსიანობა დღევანდელი გაგებით

გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, მრავალპოლუსიანი წეს–წყობა არ უნდა გავიგოთ როგორც „მრავალპოლუსიანელთა კლუბში“ ნებისმიერი მსურველის ულიმიტო და შეუზღუდავი დაშვება.

მრავალპოლუსიანი გლობალური წესრიგის საწყისი გაგება რამდენიმე სახელმწიფოსა ან სახელმწიფოთა ჯგუფის შეთანხმებულ (კოოპერირებად) მოქმედებას ეფუძნებოდა, რომლის მიზანი, ზოგისათვის მოსაწონი, ხოლო ზოგისათვის კი დასაწუნი, ურთიერთობათა გასაგები სისტემის უზრუნველყოფაა. მარტივად რომ აიხსნას, „დიდები“ ადგენენ თამაშის წესებს როგორც თავისთვის, ისე „პატარებისათვის“; „დიდები“ ასევე განსაზღვრავენ ამ წესების დარღვევისათვის „დისციპლინარული სახდელის“ ფორმებს; ხოლო მთლიანი სისტემა ძალთა ბალანსსა და „მაჟორიტარ აქციონერთათვის“ მისაღებ წონასწორობაზეა დამყარებული.

რაც შეეხება თანამედროვე გაგებით მრავალპოლუსიან წესრიგს მორიგ ნიშანთვისებას არის ის, რომ ის გასცდა მის პირვანდელ ფარგლებს, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო ურთიერთობაში მხოლოდ სახელმწიფოთა მონაწილეობით განისაზღვრებოდა. ვინაიდან ამ ურთიერთობებმა თანდათანობით იცვალა არსი და ბუნება, გავლენიანი პოლუსები მხოლოდ ქვეყნების სუბიექტუნარიანობასა და ქმედუნარიანობას არ უკავშირდება. გლობალურად გავლენათა გადანაწილებაში აგრეთვე ჩაბმული არიან სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებები (ვთქვათ, ევროკავშირი), მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები (მაგალითისათვის, „ვაშინგტონის კონსენსუსის“ საყრდენი, - მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი), სუვერენული ფონდები (ასე მაგალითად, კატარის სუვერენული ფონდი) თუ ტრანსნაციონალური კორპორაციები (ვახსენოთ, თუნდაც, „გუგლი“, „ამაზონი“ და ა.შ.). მეტიც, მრავალპოლუსიან სამყაროში თავიანთ წილზე პრეტენზიას ისეთი კვაზი-სახელმწიფო აქტორები აცხადებენ, რომლებსაც ძალის ფაქტორის გამო სიტყვა ეთქმით როგორც კონკრეტული ქვეყნის შიდა, ისე ქვეყნის საგარეო საკითხებში (ერთ-ერთი ნათელი დემონსტრირებაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, „ვაგნერის“ ფორმირება). ამ ერთობ სიმრავლის მიუხედავად, ძალა და გავლენა მაინც შერჩევითად ნაწილდება სისტემის მონაწილეებს შორის, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წესრიგის თვალსაზრისით, გარანტირებული მინიმალური ხარისხის სტაბილურობასა და კოორდინაციას უწყობს ხელს. შექმნილი ვითარება არც უნიპოლარიზმის ელემენტების ინერციით არსებობას გამორიცხავს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ექს-უნიპოლარული (ყოფილი ჰეგემონი) ქვეყანა იძულებულია სხვების ინტერესებს ანგარიში გაუწიოს და ძველებურად, უკანმოუხედავად ვერ იმოქმედებს.

რაკი მრავალპოლუსიანი წესრიგის განხილვა წამოვიწყეთ, გარდა ზემოაღნიშნულისა, რამდენიმე სპეციფიკური ელემენტიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ.

რეგიონალიზაციის ზოგადი ეფექტი

მრავალპოლუსიან სამყაროში სისტემის სხვადასხვა მონაწილის დივერსიფიცირების საჭიროება ვახსენეთ და ეს სწორიც იყო. ამასთანავე, მრავალპოლუსიანობისაკენ შესაძლო სვლის მახასიათებელი მსხვილი გეო-რეგიონალური ცენტრების წარმოქმნა ან გამსხვილება იქნება. რეგიონალურ ინტერესებსა და გავლენებს განკუთვნილ საკითხთა უმეტესობა ასეთი ცენტრების, - ერთგვარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გეოგრაფიული ჰაბების ფარგლებში ჩამოყალიბდება და ამავე ფარგლბეში გადაწყდება. ამგვარ „რეგიონალურ დაქსელვაზე“ დამყარებული გლობალური საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობა დამოკიდებული იქნება როგორც კონკრეტული რეგიონის არეალში ინტერესთა თანხვედრაზე, ისე სხვა მსხვილ რეგიონალურ ცენტრებთან ინტერესთა შეთანხმებასა და ერთმანეთთან კოორდინაციაზე. ასეთ დროს, მსოფლიოში მსხვილი მასშტაბის დაპირისპირებების (სავარაუდოდ, ცივი ომის პერიოდისათვის დამახასიათებელი ე.წ. proxy war კვლავ დღის წესრიგში იქნება) თავიდან არიდებას ისევ და ისევ ძალთა სწორი ბალანსის პოვნა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დიდი რეგიონი ახლა სწორედ ერთ-ერთ ასეთ მსხვილ გეოგრაფიულ რეგიონად ფორმირდება და ამ პროცესში არა მხოლოდ შიდარეგიონალური - ე.წ. რეგიონალური ზესახელმწიფოების, არამედ „გარე“ გლობალურ ზესახელმწიფოთა მზარდი როლი დღითიდღე იგრძნობა. 

რეგიონალიზაცია ინტერესთა მიხედვით

სახელმწიფოთა მინიალიანსებისა თუ ჯგუფების ფორმირება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა, რომელსაც ჩვენ, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. პრაქტიკულად, საუბარია ინტერესთა თანხვედრის პრინციპით და კონკრეტული დღის წესრიგის ირგვლივ ისეთ „სიტუაციურ გაერთიანებებზე“, რომლებსაც განსაკუთრებული ფორმალური წესები გაწერილი არ აქვთ. უმეტესწილად, ასეთი გაერთიანებები არსებული გლობალური წესრიგის თანმდევი ფორმალური ინსტიტუტების მიღმა იქმნება და მოქმედებს. აღნიშნული ტენდენციის საილუსტრაციოდ საკმარისია ვახსენოთ იმგვარი სიტუაციური, ე.წ. ad hoc მინიალიანსები, როგორებიცაა AUKUS (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, აშშ), QUAD (აშშ, ავსტრალია, ინდოეთი, იაპონია) ან I2U2 (ინდოეთი, ისრაელი, გაერთიანებული საამიროები, აშშ).

ინტერესთა მიხედვით სიტუაციური გაერთიანება, ერთგვარად, შუალედური მოდელია ორპოლუსიან და მრავალპოლუსიან სამყაროებს შორის. ამავე კონტექსტში მეტად აქტუალურია შეკითხვა: რამდენად უწყობს ეს ტრენდი ხელს მსოფლიოში სტაბილურობასა და კონფლიქტების პრევენციას? ხომ არ წარმოშობს ეს ტრენდი ფრაგმენტაციის დამატებით წინაპირობას გლობალური პროცესების მართვადობის კუთხით?

რა თქმა უნდა, ეს შეკითხვები საფუძვლიანია. თუმცა მათზე ესა თუ ის პასუხი მაინც წინარე და შუალედური იქნება, რამეთუ მკაფიო და საბოლოო პოზიცია შედარებით ხანგრძლივმა პრაქტიკამ თავად უნდა ჩამოაყალიბოს. ამავდროულად ერთი ერთი რამ უკვე ნათელია: ასე თუ ისე, უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით, ინტერესთა მიხედვით რეგიონალური გაერთიანება სწორედ რომ პირდაპირი რეაქციაა დღეს არსებული უსაფრთხოების სისტემების არაეფექტიანობასა და უშედეგობაზე. თავისი არსით, აღნიშნული კატეგორიის გაერთიანება მეტი პრაქტიკულობით, მოქნილობით, ეკონომიურობითა და მიზნობრიობით გამოირჩევა, რაც, მსხვილ ბიუროკრატიულ ორგანიზაციებთან შედარებით, პრობლემაზე უფრო სწრაფი და ადეკვატური რეაგირების წინაპირობას ქმნის.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ რეგიონალურ მინიალიანსებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მათთვის საინტერესო სხვა თემებზეც ეძლევა (მაგალითად, I2U2-ს ამოცანებს შორის მოიაზრება ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ხოლო  Five Eyes-ს ვიწრო სპეციალიზაცია სადაზვერვო მონაცემების ურთიერთგაცვლაა). გადაწყვეტილებათა მისაღებად ნაკლებ ბიუროკრატიასთან ერთად, ესა თუ ის გაერთიანება გაცილებით უკეთ არის ფოკუსირებული მისთვის აქტუალურ გეოგრაფიაზე, რაც მას „მეორად გეოგრაფიებზე“ რესურსის ხარჯვისაგან ზოგავს. აქვე საგანგებოდ უნდა გამოვყოთ ის შედარებითი უპირატესობაც, რომელიც მინიალიანსსა თუ ინტერესთა ჯგუფში გაწევრების პრაქტიკულ და არა იდეოლოგიურ მოსაზრებებს უკავშირდება. სხვა სიტყვებით, პოტენციური წევრი-სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი ინტერესების სარეალიზაციოდ, სხვა წევრი-ქვეყნების ინტერესებთან რაციონალური თანხვედრის პირობით. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც მაქსიმალურად თავისუფალია ზედმეტი, ვითომ კონცეპტუალური „იზმებისაგან“, იდეოლოგიური დოგმებისა თუ არასაჭირო ფარისევლობისაგან.    

ნათქვამის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული ტენდენციის ჭრილში, მკითხველის ყურადღებას კვლავ მივაპყრობთ დიდი შავი ზღვის რეგიონს და მის ფარგლებში თემატური გაერთიანების ფორმირების აუცილებლობას. კონკრეტულ მექანიზმზე წარსულში არაერთხელ გვისაუბრია. ახლაც, კვლავ წამოვწევთ ერთ-ერთ წინა სტატიაში განხილულ შავი ზღვის დეკლარაციის ჩარჩო დოკუმენტის ინიციატივას, რომელიც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის, ახალი საკომუნიკაციო არხების დროსა და საჭიროებაზე მორგებულ თანამედროვე საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატს მოემსახურებოდა.

ასეთი დეკლარაცია გამოკვეთს მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. რიგი აქტუალური თემების გასწვრივ, დეკლარაცია: (1) ხაზგასმით მიუთითებს რეგიონალური უსაფრთხოებისათვის მხარეთა პარტნიორობას; (2) საგანგებოდ განიხილავს რეგიონს, როგორც მავნე გავლენებისა და „განსაკუთრებული ინტერესის ზონებისაგან“ თავისუფალ არეალს; (3) გამოკვეთს რეგიონალური ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის მიზნით სახსრების მობილიზაციის აუცილებლობას, ისე როგორც რეგიონში სოციალური და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელების საჭიროებას; (4) აღნიშნავს გაყინულ ე.წ. ეთნიკურ, მაგრამ რეალურად გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, ასევე გამოხატავს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; (5) უზრუნველყოფს პლატფორმას რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხების, მაგალითად, ტერორიზმსა და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების განსახილველად; (6) დასახავს მიმართულებებს რეგიონალური მასშტაბის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ბლოკებისაკენ.

აღნიშნულის გარდა, დეკლარანტების ყურადღება რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე დამატებით და საგანგებოდ გამახვილდება. ერთ-ერთ კონკრეტულ ინიციატივად მოვიაზრებდით მსხვილი რეგიონალური პროექტის დეკლარაციით, ვთქვათ, „შავი ზღვის კეთილდღეობის (განვითარების) სარტყლის“ ინიციირებას. პროექტის მიზნებში მოექცეოდა საფინანსო რესურსის მობილიზება რეგიონალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ასევე გარკვეულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულების შემცირება, სოციალური ხასიათისა და გარემოსდაცვითი მიზნობრივი პროგრამების რეალიზება და ა.შ. დღეის მდგომარეობით, „სარტყლის“ კონცეფციაში ორგანულად თავსდება ბოლო პერიოდის განაცხადი ისეთ ორ მსხვილ პროექტზე, როგორებიც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგური. ამავე ხაზს განამტკიცებდა შუა დერეფნის წარმატებული რეალიზება უმოკლეს დროში, მისგან გამომდინარე შესატყვისი პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდებით ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისათვის.

აქვე დავძენთ, რომ საჭირო ფუნქციონალური ხარისხის უზრუნველსაყოფად გასააზრებელია მაღალი რანგის რეგულარული სამიტების გამართვა დეკლარაციის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების, სტრატეგიულ პარტნიორთა და მოკავშირეთა მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. რეგულარული სამიტების მთავარი დანიშნულება რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა; სამიტის მონაწილეების განხილვის საგნად ასევე უნდა იქცეს რეგიონში რეალურად გეოპოლიტიკური (და არა ე.წ. „ეთნიკური“) კონფლიქტების, ზოგადად, რეგიონალური უსაფრთხოების, საერთაშორისო ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების, უკანონო მიგრაციისა და სხვა აქტუალური საკითხები და გამოწვევები.

გლობალური სამხრეთი

ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი მზარდი „გეოგრაფიულ-გეოპოლიტიკური ცენტრი“, რომლის თავისებურება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამჟამად რთულია ამ თითქოსდა ახალი პოლუსის მომავალზე საუბარი, თუმცა მისი ფორმირება და გავლენა გლობალურ პროცესებზე უკვე იგრძნობა.

ორიოდე სიტყვით, სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების სახით, გლობალური სამხრეთის დამახასიათებელი ხელწერა სამხედრო დაპირისპირებაში რომელიმე მხარის გვერდით დგომაზე უარის თქმაა. მსოფლიოში ამა თუ იმ ბანაკში გადაჯგუფებულ ქვეყნებს მიღმა მყოფი ეს „დანარჩენი ქვეყნები“ ღია აფიშირებას უკეთებენ საგარეო პოლიტიკაში ერთგვარ მაკიაველისებურ ხაზს, სადაც „მიზანი ამართლებს საშუალებას“. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში, კონფლიქტურ მხარეებთან მიმართებით სიმპათიებისა თუ შედეგის თვალსაზრისით, ეს ხაზი გეოპოლიტიკურად არცთუ შედეგობრივად „უნაშთოა“. ასე მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებთან მიერთებაზე უარი (საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარების მიზნით) აქვეითებს ამ სანქციების ქმედითობას და რუსეთის ეკონომიკას ერთგვარ „მაშველ რგოლს“ სთავაზობს. კონკრეტული მაგალითების დახასიათება შორს წაგვიყვანს, თუმცა ზოგადი კლასიფიკაციის მიზნით, „დანარჩენთა“ ეს ჯგუფი, ალბათ, ახლოს არის წინა საუკუნის 70-ბში განვითარებულ მიუმხრობლობის მოძრაობასთან. განვმეორდებით: ახლოს არის, მაგრამ მის ყველა ასპექტს სრულად როდი იმეორებს; მეტიც, - იმ დროისაგან კარდინალურად განსხვავებული გეოპოლიტიკური რეალობის გამო,  ვერც გაიმეორებს.

გლობალური სამხრეთის პოლიტიკური ხელწერა, მაინც და დიდწილად, ტრანზაქციულია, ანუ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამავე დროს, ერთიანი კონტექსტიდან სამხრეთის ასეთ „ამოვარდნაში“ არა მარტო მისი განზრახვა უნდა ვეძებოთ, არამედ დიდი მოთამაშეების მხრიდან „დანარჩენთა“ მიმართ (მინიმუმ!) სათანადო მოპყრობის დეფიციტი პოსტ-ცივი ომის პერიოდში. ასე მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ შეიქმნა იმგვარი ვითარება, როდესაც ევროპის სხვადასხვა პრობლემა მსოფლიოს პრობლემად გადაქცეულა, თუმცა დანარჩენი მსოფლიოს ესა თუ ის პრობლემა იშვიათად გამხდარა ევროპის სათანადო ყურადრების ღირსი.

სტატიის ამ ნაწილის დასკვნისათვის, ხელახლა აღვნიშნავთ გლობალური სამხრეთის მნიშვნელობას მსოფლიო პროცესებისათვის. თუმცა დავძენთ იმასაც, რომ გლობალური გავლენის  თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი პროეცირების თვალსაზრისით, გლობალური სამხრეთის მონოლითურ პოლუსად დამკვიდრებაზე დამაჯერებლად საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია.

ჩვენ: ქართული მხარე

არსებულ რეალობაში ქართული გეოპოლიტიკური ხაზის გატარებაზე ახლო წარსულში არაერთგზის გვისაუბრია. ამჯერად მხოლოდ იმის მოკლე კონსტატირებით შემოვიფარგლებით, რომ საგარეო-პოლიტიკური ჩარჩო ფორმატით განსაზღვრული პრიორიტეტების პირობით, ეს ხაზი, შეძლებისდაგვარად, ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, აღნიშნული ეგოცენტრიზმის მამოძრავებელია: (1) ქართული სახელმწიფოსათვის კრიტიკულად მთავარი „მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის“ ფორმულიდან გამომდინარე ინტერესების სხვათა ინტერესებზე პრიმატი - სადაც კი ეს დასაშვებია; (2) ამავე ფორმულით განპირობებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების სხვათა ინტერესებთან თანწყობა - მაქსიმალურად, სადაც კი ეს  შესაძლებელია.

ლავირება-ბალანსირება საქართველოსათვის უცხო არ არის. ისტორიულად, ამა თუ იმ ეტაპის ამოცანების შესაბამისი მიზნების მისაღწევად ჩვენი ქვეყანა ამას ცვალებადი წარმატებით ცდილობდა. ამ ხაზის სწორად და მარჯვედ გატარება სამომავლოდაც პრიორიტეტული იქნება მსოფლიოში, რომელშიც ნებისმიერი კონფიგურაციის წესრიგი, განჭვრეტად მომავალში, დამოკიდებული დარჩება: (ა) ძალთა გლობალურ ბალანსზე; (ბ) ძალთა გლობალური ბალანსის განმსაზღვრელი სისტემების იდეოლოგიურ შინაარსსა და (გ) გეოგრაფიული მდებარეობის ფაქტორზე.

ამ ფონზე, სტატიაში აღწერილი ტენდენციების გათვალისწინებით, გვინდა აუდიტორიას რამდენიმე მოსაზრება მოკლე დასკვნის სახით გავუზიაროთ. მიგვაჩნია, რომ პრაქტიკული პოლიტიკის ქმნის ხერხად თითოეული მათგანის დამკვიდრება სასარგებლო იქნება პრაქტიკული და არა თეორიული შედეგის მისაღწევად. დავიწყოთ იმით, რომ (1) მიმდინარე პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის პირობებში საქართველო აღმოჩნდა თანაბრად რთული და ისტორიულად უნიკალური შესაძლებლობის წინაშე - ერთიორად გაზარდოს ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის, მიმზიდველობა და რეგიონის „ეკონომიკურად თანამოაზრე“ ქვეყნებთან ერთად, დააწინაუროს ეს რეგიონი ახალი მსოფლიოს სამრეწველო და სატრანსპორტო აღმოცენებად სტრუქტურაში. ამავე მოსაზრებას უკავშირდება მეტად შესამჩნევი ტრენდი, რომლის თანახმადაც გლობალური კომპანიები იდეოლოგიურად შედარებით „ნეიტრალური“ ხდებიან და რელოკაციისათვის უფრო მეგობრულ, შედარებით უსაფრთხო გეოგრაფიებს ეძებენ. ქართული მხარისათვის ამ ისტორიული მომენტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას (ერთიანი საჯარო-კერძო ძალისხმევით) მოწინავე ბიზნესინტერესებისათვის ე.წ „ფრენდშორინგის“ („მეგობრულ გარემოში დაბინავების“) ოპტიმალური არჩევანის შეთავაზების საშუალება ეძლევა. ამ კონტექსტში ანაკლია, შავი ზღვის კაბელი თუ შუა დერეფნიდან გამომდინარე სუბრეგიონალური პროექტები აღნიშნულ შეთავაზებას კონკრეტული შინაარსით შეავსებს; (2) უკვე ნახსენები „მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის“ ქართული ეგოსტანდარტის სარეალიზაციოდ საჭიროა ქართული რბილი ძალის, პრევენციული სპეცსამსახურისა და პროაქტიული დიპლომატიის სწორი სინერგია. თითოეულის ეროვნული მნიშვნელობა ასევე არაერთგზის აღგვინიშნავს. ამჯერად კი მხოლოდ ქართული დიპლომატიის უპრეცედენტოდ მზარდ როლზე ვიტყვით ორიოდე სიტყვით: მან ისეთ სტანდარტს უნდა მიაღწიოს, რომ ადრეულ ეტაპზევე  პოლიტიკურად გაანეიტრალოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რათა სახელმწიფოს დანარჩენი რესურსი (სამხედრო თუ ეკონომიკური) მაქსიმალურად დაიზოგოს; (3) როგორც საშინაო, ისე საგარეო (თუმცა ეს დაყოფა დღეს ძალზე პირობითია) ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში საკითხთა პრიორიტეტიზაცია უნდა დაინერგოს: დრო და რესურსი პირველი თუ მეორეხარისხოვნების, პირველი თუ მეორე რიგის ამოცანათა მიხედვით უნდა გადანაწილდეს. ცალკეულ ვითარებაში არაპროგნოზირებადი და რისკიანი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საგნობრივ შედეგზე მიმართული პოლიტიკის ქმნა, შესაძლოა, სულაც ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას დაეფუძნოს.

ძალიან ზუსტი ნათქვამია, რომ თანამედროვე ეპოქის პოლიტიკურ ლიდერებს ორი უმთავრესი და საბაზისო თვისება უნდა გამოარჩევდეთ: მოვლენების მშვიდად მიღება მაშინ, როდესაც მათი სასიკეთოდ შეცვლა ან მათზე ზემოქმედება ფიზიკურად არ შეუძლიათ, ხოლო გამბედაობა მაშინ, როდესაც სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა ხელეწიფებათ. ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, ამ ორ თვისებას ერთსაც დავამატებთ: პოლიტიკოსისათვის თანაბრად აუცილებელია სიბრძნე, რომ კარგად გაარჩიოს, თუ როდის უნდა იმოქმედოს მშვიდად და როდის - გაბედულად.    

იხილეთ „არჩევანთა გზაგასაყარზე: როდესაც მათი სიმრავლე დამაბნეველია, ხოლო სიმცირე შემზღუდველი“ (პირველი ნაწილი) 

ვიქტორ ყიფიანი, ჯეოქეისის“ თავმჯდომარე

Businesspartner

მთავარი სიახლეები