ეკონომიკა
30/07/2020

2019 წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლები ₾166,5 მლნ იყო

2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული-ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2019 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,0 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 21,6 პროცენტი. ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1,0 პროცენტი), სააქციო საზოგადოების (1,0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,4 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა.


ბაზრობების 96,6 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 3,4 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში 2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2,0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 53,1 ათასი მეტრია, რომელთა 65,7 პროცენტი შენობაშია განთავსებული.


ბაზრობებს გააჩნია 73 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1360 - შემნახველი საკანი (საწყობი)  27,4 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის - 415 მაცივარი.2019 წელს მოქმედი ბაზრობების 37,0 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაშიმ მიმდინარეობს), 32,7 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 30,3 პროცენტი - ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც).

2019 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,0 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,8 პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 46,4 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.


2019 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 166,5 მლნ. ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 50,4 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 30,3 პროცენტს შეადგენს. 63,3 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 6,4 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.


2019 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99,6 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 29,3 მლნ. ლარია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები