ეკონომიკა
01/10/2020

2021 წლის ბოლოსათვის მთავრობის საგარეო ვალი მშპ-ის 55.9%-მდე იქნება

2021 წლის ბოლოსათვის საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 55.9%-მდე იქნება, - ასეთია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პროგნოზები.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) განისაზღვრება მშპ-ის 55.9%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.9%) გათვალისწინებით, შეადგენს 56.8%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს).

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 32.005 მლრდ ლარით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 25.079 მლრდ ლარი, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 6.927 მლრდ ლარი.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრება 3.17 მლრდ ლარის ოდენობით მათ შორის: საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრები შეადგენს 1 მლრდ  ლარს. საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 1.374 მლრდ ლარს;  საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი შეადგენს 800 მლნ ლარს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალების დაფარვისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2.64  მლრდ ლარი, შესაბამისად ვალის წმინდა ზრდა შეადგენს 534,2 მლნ ლარს.

 

 

Businesspartner