ეკონომიკა
03/02/2023

2023 წელს ₾3.6 მლრდ-ის 5600 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

2023 წელს ჯამში 3.6 მლრდ ლარის ღირებულების 5600 ინფრაქტრუქტული პროექტი განხორციელდება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის და მის მოადგილეებთან  გამართულ სამუშაო თათბირზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება. 2023 წელს გაგრძელდება 207 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა. სულ, 2023 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარე პროექტების ღირებულება შეადგენს 6.5 მილიარდ ლარს.

2023 წელს ასევე აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარება, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჟამად, სამუშაოები მიმდინარეობს მაგისტრალის 108 კმ-ზე. მათ შორის, გამორჩეულია რიკოთის საუკუნის პროექტი, რომლის მთლიანი პროგრესი, საშუალოდ 73%-ია. ამჟამად რიკოთის 51 გვირაბიდან გაჭრილია 41 გვირაბი, 97 ხიდიდან აშენებულია 63 ხიდი და პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება  2023 წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის უკვე გახსნილ 24 კმ-იან მონაკვეთს დაემატება ახალი მონაკვეთი და ექსპლუატაციაში შევა სამტრედია-გრიგოლეთის კიდევ 13.5 კმ-იანი მონაკვეთი, რაც ზესტაფონიდან (არგვეთას კვანძიდან) ლანჩხუთამდე, 86 კმ-იანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს. ამასთან, გაგრძელდება სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 ლოტის 12 კმ-იან მონაკვეთზე.

2023 წელს გაგრძელდება სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე და გეგმის შესაბამისად, მაგისტრალურ გზებს დამატებით 6 კმ შეემატება. ასევე, 2023 წლის ბოლოს არის დაგეგმილი ბათუმის უმნიშვნელოვანესი 13,3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება.

მთლიანობაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება 2024 წელს იგეგმება, რის შედეგადაც, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება მხოლოდ 3-3.5 საათში გახდება შესაძლებელი.
უკვე 5 კმ-ზეა გაჭრილი უნიკალური ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბი.პროექტზე მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება 2023 წელს, რომლის დასრულებაც 2024 წელს არის დაგეგმილი.

ინტენსიურად გაგრძელდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს დაგეგმილია ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზის დასრულება. გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად, 2024 წელს დასრულდება კახეთის მაგისტრალის 48 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, წელს, დაიწყება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც.

ასევე ინტენსიურად გრძელდება რეგიონებში გზების რეაბილიტაცია. 2023 წელს დასრულდება კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის უმოკლესი გზით დამაკავშირებელი, თიანეთი-ახმეტის 30 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია; იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზის დასრულებულ 35 კმ-იანი მონაკვეთს შეემატება 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის მთლიანად დასრულება დაგეგმილია 2025 წელს; ასევე, 2023 წლის ბოლოს იგეგმება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი გზის ყველა ძირითადი მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება, რაც გაანახევრებს გადაადგილების დროს.

გაგრძელდება თუშეთამდე მისასვლელი ფშაველი-აბანო-ომალოს 63 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების სამუშაოები; ასევე, გაგრძელდება ლენტეხი-ლასდილი-უშგული-მესტიის 51 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაიწყება გომბორის 34 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთლიანობაში, 2023 წელს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე 1022 კმ გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდება 450-500 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.

Businesspartner