ეკონომიკა
01/04/2021

ადამიანური კაპიტალი, სასამართლო სისტემა და დიჯიტალიზაცია - WB-ის 3 გამოწვევა საქართველოსთვის

ადამიანური კაპიტალის მხარდაჭერა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და გაციფრულება, - ეს მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტის ევგენი ნაიდოვის აზრით, საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებია.

მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” აღნიშნა, რომ მსოფლიოში პანდემიიდან გამომდინარე ინვესტიციების მოზიდვა გართულებულია, თუმცა საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა და ქვეყანას, მსოფლიო ბანკის კვლევით, პანდემიის პირობებშიც კი ინვესტიციების მოზიდვის 4%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

“ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა საქართველოს პრობლემა ჰქონდა ეფექტური ინვესტორების მიმართულებით, მათ შორის როგორიცაა წარმოებისა და ექსპორტის განვითარების სექტორი, პრობლემაა სამუშაო ადგილების სიმცირე. როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები? Ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია მყარი საკანონმდებლო გარემო, დაბალი გადასახადები, გამართული ლოჯისტიკა და პოლიტიკური სტაბილურობა. 2020 წლის ანგარიშის თანახმად, პრობლემებში გამოიკვეთა გამოცდილი ადამიანების დასაქმების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერა", - განაცხადა ნაიდოვმა.

ეკონომიკაზე პანდემიის გავლენასა და მის შედეგებზე, მსოფლიო ბანკის ეკონომისტი ამბობს, რომ საქართველომ, როგორც ტურისტულმა ქვეყანამ, ამ თვალსაზრისით დიდი დარტყმა მიიღო. “მარტში უკვე გვაქვს პოზიტიური შედეგები, რადგან იხსნება შეზღუდვები და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში სიტუაცია გაუმჯობესდება,” - აღნიშნა ნაიდოვმა.

მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ნაიდოვი აღნიშნავს, გაცილებით უფრო რთულია აღდგენის შენარჩუნება, თუმცა დასძენს, რომ საქართველომ ჯერ-ჯერობით შეძლო თავი აერიდებინდა პანდემიის მესამე ტალღისგან, რაც სხვა ქვეყნებმა ვერ შეძლეს, ამას კი თან დაერთო ვაქცინაციის დაწყებაც, ცნობადობის ამაღლების მიზენით კი მნიშნელოვანია ადამიანების სწორად ინფორმირება.

რისკების შემსუბუქება ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებას დაეხმარება, თუმცა ამ შემთხვევაში, მსოფლიოს ბანკის ეკონომისტი მიიჩმევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო როგორ მართავს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, მეორე აუცილებელია, გაგრძელდეს ეკონომიკური აქტივობების მხარდაჭერა და აქტიურად მოხდეს დაფინანსებების გაცემა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის კოვიდ -19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა.  31 მარტს გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, კოვიდ -19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ კი 2020 წელს 6.2%-იანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%-ული ერთეულით გაიზარდა.

Businesspartner