ეკონომიკა
21/09/2022

ADB: საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 7%-ით გაიზრდება

გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 7%-მდე გაზარდა.

“აზიის განვითარების პროგნოზი 2022”-ის განახლებული ვერსიის მიხედვით, რომელიც ADB-ის ყოველწლიური მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მშპ-ს ზრდა 2023 წელს 6%-ით არის მოსალოდნელი. მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა, მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაზრდილი რისკებისა.

„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია,“- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

განახლებული რეპორტის მიხედვით, მომსახურების სფერო 15.3%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე. გაიზარდა წარმოებაც 18%-ით მრეწველობისა და კომუნალური მომსახურების ზრდის შედეგად, სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ADB-ის პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. ბანკის შეფასებით, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

“ფისკალური დეფიციტი 2021 წლის 6.1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 49.5%-ის ექვივალენტიდან, 47%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ შემცირებული სახელმწიფო დაკრედიტების შედეგია.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული მშპ-ს 12.5%-იანი ექვივალენტიდან ერთი წლის შემდეგ მცირედით – 13%-მდე გაიზარდა”,-ნათქვამია ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები