ეკონომიკა
23/02/2021

აკაკი ცომაია: მომავალს ვკარგავთ, სად ხედავთ საქართველოს ეკონომიკას?

ეკონომისტის აკაკი ცომაიას შეფასებით, ქვეყანაში არსებული ვითარება ეკონომიკას განვითარების მომავალს უკარგავს.

„მომავალს ვკარგავთ ყველა მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრირების მომავალს. მთავარი ფასეულობების და ღირებულებების დაკარგვის გზაზე ვართ. ცხადია არც ეკონომიკა გვექნება, საერთაშორისო საზოგადოების გარეშე რა ეკონომიკა წარმოგიდგენიათ? როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეკონომიკის განვითარება?

დავუშვათ, პოლიტიკა რომ დასტაბილურდეს, ჩამოყალიბდეს ავტოკრატიული ტიპის მმართველობა, დიქტატურა, რუსული ტიპის მმართველობა, სად ხედავთ საქართველოს ეკონომიკას? რომელ საერთაშორისო ინვესტიციებს ელოდებით, ვინმე გადაწყვეტს საქართველოში ინვესტირებას, ხალხის დასაქმებას, პროექტების განვითარებას? რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს?“ - განაცხადა აკაკი ცომაიამ „ბიზნესპარტნიორთან“.

აკაკი ცომაია გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს.

ინფორმაციისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, ამის გამო ოპოზიციური პარტიები აქციებს აანონსებენ.