ეკონომიკა
20/09/2021

არაბული საინვესტიციო ფონდები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა თავის კოლეგებთან - არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუისთან, ტოლერანტობის მინისტრთან შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ ნაჰიანთან, ასევე „აბუ დაბის განვითარების ფონდის" გენერალურ დირექტორთან მუჰამედ საიფ ალ სუვაიდისთან და Lulu Group International-ის თავმჯდომარე და მმართველ დირექტორთან იუსუფ ალისთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. 

ნათია თურნავას თქმით, პოსტკოვიდ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მათი გეოგრაფიის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.

„სწორედ ამიტომ ჩვენ ვესტუმრეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც ჩვენი ტრადიციული ინვესტორ პარტნიორია. წლების განმავლობაში ადგილობრივ ინვესტორებს მილიარდ 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, გაცილებით მეტად გავაფართოვოთ გაერთიანებული საამიროების ინვესტორების პროექტები და მათი ინვესტიციები საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩემი კოლეგების გარდა, ასევე შევხვდი უმსხვილეს საინვესტიციო ფონდებს, ვინც გამოხატავს მზადყოფნას, შემოვიდეს საქართველოში, გააფართოვოს და ინვესტიცია განახორციელოს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის განვითარებაში. ეს არის ის სფეროები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და ასევე ძალიან მნიშნელოვანია უცხოელი ინვესტორებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner