ეკონომიკა
21/07/2021

ასათაშვილი ტურიზმიდან 2025 წლისთვის $4.2 მლრდ-ის მობილიზებაზე: პოპულისტური განცხადებაა

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას, რომ 2025 წელს ტურიზმიდან $4.2 მლრდ-ის შემოსავლის მიღებას ვარაუდობს, ასათაშვილი პოპულისტურ განცხადებას უწოდებს.

“ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელის თქმით, რას ეფუძნება ეს მოლოდინი ან რა სტრატეგია არსებობს უცნობია.

“ეს არის ვარაუდები და არა რამე კვლევაზე დაფუძნებული მოლოდინები. ასეთი პოპულისტური განცხადებები არაადეკვატურია. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც პირველი “ლოქდაუნის“ დროს განაცხადეს, რომ ერთ–ერთი მწვანე ქვეყანა ვიქნებოდით, რომელიც ტურისტებს მიიღებდა. საერთაშორისო დონეზე სარეკლამო კამპანია აწარმოეს და მალე ისეთი “ლოქდაუნი“ გვქონდა, რომ სახლიდან ვერ გამოვდიოდით.  

მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020-21-ში ტურიზმი 50%-ით უნდა აღდგეს. იმავე დღეს ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ 35%-ით უნდა აღდგესო, რამდენიმე საათში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს ციფრები არარეალისტური იყო და 25% დაასახელა. როდესაც სახელმწიფო სტრუქტურის 3 წარმომადგენელი ერთსა და იმავე თემაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს, როგორ უნდა ვენდო ამას და დავგეგმო ჩემი ბიზნესი?“ - ამბობს, „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს, რომ 2025 წელს ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავლებმა $4.2-ს, ხოლო 2030 წელს ამ რიცხვმა $6.5 მილიარდს უნდა მიაღწიოს. ამ გეგმის შესრულება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყანა 2025 წელს 10 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წელს 13 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლებს.

Businesspartner