ეკონომიკა
28/11/2022

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებაში $100 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელება იგეგმება.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Interfax.az წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენცია „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მონაკვეთის გაფართოებისთვის 100 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.

"ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთბრუნვის ზრდის პირობებში ახალი ინვესტიციების ჩადება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებისთვის დავიწყეთ და ის 100 მლნ დოლარზე მეტი დაგვიჯდება“, - განაცხადა ალიევმა.

პროექტი დაახლოებით წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს და ალიევის თქმით, ამ დროისთვის აზერბაიჯანი ინვესტიციებს სარკინიგზო სისტემების, საჰაერო და სატვირთო გადაზიდვებისთვის საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში ახორციელებს. ამავდროულად საკითხებთან ერთად, იგეგმება კომერციული საზღვაო პორტის გადაზიდვის სიმძლავრის გაფართოებაც. „დღეს მსოფლიოში შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა“, - აღნიშნა ალიევმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია. 2021 წელს გადაზიდული თვირთების მოცულობა გაორმაგდა და 477 ათას ტონას მიაღწოა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, მის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, აქედან 68 კმ თურქეთის, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზეა. პროექტის ფარგლებში საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. 

Businesspartner