ეკონომიკა
11/03/2023

ბიომრავალფეროვნების კანონპროექტისთვის შვედეთის მხარემ €6 მილიონი გამოყო

ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტისთვის შვედეთის მხარემ €6 მილიონი გამოყო. კანონის მიზანი ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება და ჰაერის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.

შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პროექტის მთავარი მიზანი სამინისტროს და მისი დაქვემდებარებული სააგენტოების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

"ეს საქართველოს დაეხმარება, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც საერთაშორისო კონვენციბით ყველა ქვეყანაზეა დარეგისტრირებული. პროექტი 2021-25 წლებს მოიცავს და ბევრ კომპონენტს აერთიანებს, რომლისთვისაც შვედეთის მხარემ დაახლოებით 6 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ვგეგმავთ დამატებითი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას, რაც ჰაერის მონიტორინგისთვის სხვადასხვა ქალაქებში 8 ახალი სადგური განთავსდებასა და სხვა მსგავს პროექტებს გულისხმობს.

როგორც გამოჩნდა, ბევრის საკითხია, რომელიც კვლავ საჭიროებს ტექნიკურ დახმარებას. ჯერ მიმდინარეობს კანონის განხილვა შიდა სტრუქტურებში, შემდეგ წარდგენილი იქნება საზოგადოებისთვის, რათა ჩაერთონ განხილვის პროცესში და ამის მერე უკვე წარედგინება პარლამენტს,სავარაუდოდ ეს შემოდგომაზე მოხდება"- აღნიშნავს ხათუნა ზალდასტანიშვილი.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება- საქართველო" ფარგლებში შემუშავდა და სრულად ასახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამის მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონის მიზანია ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი დაცვის, აღდგენისა და მართვის ხელშეწყობა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, კონსენსუსის საფუძველზე შექმნილი კანონპროექტის წარდგენა ამ წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები