ეკონომიკა
10/09/2021

ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის უწყებები და პროგრამები - TI

ბიუჯეტის 20 პროგრამაზე მეტის 6 თვის გეგმა 60%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 4 პროგრამა საერთოდ არ შესრულებულა, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის ორი პროგრამა, კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის პროგრამა და ბათუმის ავტობუსების პროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მხარჯავი დაწესებულებებიდან ათმა უწყებამ 6 თვის გეგმასთან შედარებით 80%-ზე ნაკლები თანხა აითვისა მათ შორის, გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დახარჯა - გეგმის 60.9%. შემდეგ მოდის სსიპ - კონკურენციის ეროვნული სააგენტო - გეგმის 63.5%-ით შესრულებით და სავაჭრო-სამრეწველო პალატა - გეგმის 65%-ით შესრულებით.

მაღალი ბიუჯეტის მქონე უწყებებიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 თვის გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები - 66.8% (13 მლნ ლარი) დახარჯა.

“0%-ით შესრულდა ანუ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა 4 ქვეპროგრამაზე, ესენია: ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდა“ მშენებლობა, გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება, კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და ბათუმის ავტობუსების პროექტი. ამათგან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი (8.8 მლნ ლარი) ბათუმის ავტობუსების პროექტია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება“,- აცხადებენ საერთაშორისო გამჭვრივალობაში. 

არასამთავრობოს ინფორმაციით, 1.9%-ით შესრულდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული პოლიტიკის პროგრამის 6 თვის გეგმა, რომელზეც 2 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი. ასევე, ძალიან დაბალი შესრულების მაჩვენებელი  - 4.6% აქვს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამას, რომელზეც წლის პირველ ნახევარში 6.5 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

მსხვილი პროგრამებიდან, რომელთა 6 თვის გეგმაც დაბალი მაჩვენებლით შესრულდა, აღსანიშნავია თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამის 29.2%-ით შესრულება, რომელზეც 50 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 53.9%-ით შესრულება, რომელზეც 15.3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

 

 

Businesspartner