ეკონომიკა
23/09/2020

COVID-ითა და არჩევნებით გამოწვეული აჟიოტაჟის აღმოფხვრა, ₾-ს წონასწორობას დაუბრუნებს

როდის დაუბრუნდება ეროვნული ვალუტა წონასწორობის ნიშნულს, ამაზე ზუსტი პასუხი არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს. თუმცა იმედოვნებს, რომ ლარის COVID-ითა და წინასაარჩევნო აჟიოტაჟის ჩაცხრობა მნიშნელოვნად დაეხმარება.

კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში ლარის გაუფასურებასა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინტერვენციებს ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

მთავარი ბანკირი წერს, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია.

"მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება", - განმარტავს კობა გვენეტაძე.

იქვე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინტერვენციების მთავარ მიზანზეც ისაუბრა.

"მსურს განვმარტო, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა."

Businesspartner

მთავარი სიახლეები