ეკონომიკა
03/05/2022

დავით გონდაური: გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური „ბიზნესპარტნიორთან“  აპრილის თვის ინფლაციის გამომწვევ მიზეზებსა და პროგნოზზე საუბრობს.

როგორც ცნობილია,  2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა.

გონდაურის განცხადებით, ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა: ტრანსპორტის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფები.

მისი განმარტებით, აღნიშნულ ზრდას თავისი მიზეზი ჰქონდა.  კერძოდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასები მკვეთრად გაზარდა. ომის დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ.

შესაბამისად, მიმდინარე ომმა, ქვეყნებს შორის მიწოდების ჯაჭვები  შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი გააღრმავა. შედეგად, მსოფლიოში ფასების ზრდის ახალი, მძლავრი ბიძგი წარმოიქნა. ნავთობის, ხორბლის, შაქრის, მცენარეული ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

როგორც გონდაური აცხადებს, გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. საქართველოსთვის კი ეს გამოწვევა დამატებით სირთულეებს შეიცავს, რადგან უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქვეყნებია.

„რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდის ინფლაცია გამოწვეულია ფულის მასის ზრდით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით, 78 მლნ ლარით), არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას.

მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას მთავარ ორიენტირად ეროვნული ბანკი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს იყენებს. ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და მისი ეფექტი 4-6 კვარტალის ფარგლებში სრულად რეალიზდება.

თუ დავაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებებს 2021-2022 წლებში ის 8%-დან 11%-მდე გაიზარდა. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ამ საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე უნდა დაუბრუნდეს. გამომდინარე აქედან შეგვიძლია 2022 წლის მეორე კვარტალის ინფლაცია საშუალოდ ვივარაუდოთ წლიური 9-10%-ს ფარგლებში,”-აცხადებს გონდაური.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარშში აღნიშნულია,რომ წლიურ ჭრილში ფასების ორნიშნა ზრდაა სურსათის და ტრანსპორტის მიმართულებით. მთლიან ინფლაციაში სურსათის წვლილი 6.77% იყო. ამ ჯგუფში ფასები მკვეთრად გაზრდილია ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტზე. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3%-ით,  ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4%-ით,საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასების 9.4 %-იანი მატება დაფიქსირდა.

 

Businesspartner