ეკონომიკა
13/03/2023

დავითაშვილი: ანაკლიის საპროექტო დოკუმენტაციის გასაახლებლად სახელმწიფო კომპანია ფუძნდება

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო აქტიურად მოახდენს ანაკლიის პორტის განვითარებას და შესაბამისად, 2022 წელი მტავრობამ  მოსამზადებელ სამუშაოებს დაუთმო.

"მათ შორის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის კუთხით, შევაფასეთ უფრო დეტალურად პოტენციალი, განვაახლეთ საკონსულტაციო მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტები,"-განაცხადა დავითაშვილმა. 

მისი თქმით, პროცესი დაიწყო გასული წლის სექტემბერში და მიმდინარე წელს კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად დაიწყო კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.

„დღეისთვის საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული და ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ბევრი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი საპორტო ოპერატორები, მშენებელი ან კონსორციუმის კუთხით კომპანიები, რომლებიც დღეს აქტიურ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციებს ჩვენს სააგენტოსთან.

პირველი ეტაპი უნდა დასრულდეს ორი თვის განმავლობაში, ერთ თვეში გვექნება პირველადი ინფორმაცია, შემდეგ უნდა გადავიდეთ წინადადებების მოთხოვნის ეტაპზე, როდესაც ჩვენ უნდა დავაზუსტოთ პარამეტრები და პირობები, რომლებიც ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე ფიქსირდება. იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ასეთ პარტნიორს შევარჩევთ.

პარალელურად, ის ტერიტორიები, სადაც უნდა მოხდეს პორტის განვითარება, უკვე ეკუთვნის სახელმწიფოს, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ეს სააგენტო მიმდინარე კვირაში დააფუძნებს სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს არსებული დოკუმენტების განახლებას, ეს იქნება გარემოზე ზემოქმედების არსებული დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, რომ შევძლოთ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება და მობილიზება, რომ დრო არ დაიკარგოს. შემდგომში, ეს ყველაფერი იქნება იმ ერთობლივი კომპანიის ნაწილი, სადაც ჩვენ კერძო პარტნიორს შევარჩევთ. მკაფიო გეგმა გვაქვს ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით და გეგმაზომიერად მივყვებით მას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

Businesspartner