ეკონომიკა
09/09/2021

დეფიციტი მაღალია და წლის ბოლომდე მთავრობამ ეკონომია უნდა გააკეთოს - TI

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7.7%-დან 6.9%-მდე შემცირდა. ამის მიუხედავად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, დეფიტიცის მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი რჩება. არასამთავრობოს რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ არააუცილებელ ხარჯებში ეკონომია გააკეთოს. დეფიციტის შემცირება დადებითად იმოქმედებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, შეამცირებს ფასების დონესა და ლარის კურსზე უარყოფით ზეწოლას.

“სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 2,489 მლრდ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლრდ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა. 2021 წლისთვის წლიური (12 თვის) ბიუჯეტის დეფიციტი 4 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი“,- აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობის განცხადებაში. 

არასამთავრობოს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 29.7 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 60.1%-ია. 2021 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 29.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია. 2020 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 7.2 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (3.28) 23.5 მლრდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 7.5 მლრდ აშშ დოლარი იყო, ანუ 6 თვეში 300 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა, ლარის კურსის გამყარების და მთავრობის საშინაო ვალის 418 მლნ ლარით შემცირების გამო, ლარში გამოსახული მთავრობის ვალი საბოლოოდ 70 მლნ ლარით შემცირდა. მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის შემცირება კი იანვარ-ივნისში დაფიქსირებულმა 12.7%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

“2021 წლის ბოლომდე მთავრობა 5.1 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.7 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 2.4 მლრდ ლარით გაიზრდება და 30.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 53.9% იქნება. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ივლისში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობა 154 მლნ ლარით ნაკლებ ახალ ვალს აიღებს. ასაღები ვალის შემცირებამ და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებამ ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან თანაფარდობის წლიური პროგნოზი 7.7%-დან 6.9%-მდე შეამცირა, თუმცა დეფიციტი მაინც რჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) ზემოთ და უახლოეს ორ წელში უნდა დაუბრუნდეს დაშვებულ ზღვარს“,- აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში. 

 

 

 

Businesspartner