ეკონომიკა
27/04/2021

დეპუტატი: ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შპს-ებს დამატებითი სახსრების მოზიდვაში დაეხმარება

„მეწარმეთა შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები შპს-ებს ფასიანი ქაღალების გამოშვების შესაძლებლობას მისცემს. ცვლილებას მხარი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა განუცხადა, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კაპიტალის მოზიდვის გამარტივებაა. კერძოდ, კანონპროექტში გვხვდება ნორმები, რომელთა თანახმად შპს-ის კაპიტალის სტრუქტურა უფრო მოქნილი გახდება, მაგალითად: 1. დასაშვები იქნება ახალი წილების გამოშვება ნებადართული წილების ფარგლებში; 2. ასევე შესაძლებელი იქნება წილების განსხვავებული კლასების (რაც განსხვავებულ უფლება-მოვალეობებს უკავშირდება) გამოშვება.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს საშუალებას მისცემს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას მოიზიდოს დამატებითი სახსრები და მაქსიმალურად მოარგოს განსათავსებელი წილები საწარმოს საჭიროებებს/ინვესტორთა მოთხოვნებს.

კითხვაზე, აღნიშული ცვლილება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შპს-ებს ფინანსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ, სონღულაშვილი განმარტავს, რომ ინვესტორის ინტერესებზე მორგებული წილების გამოშვების შესაძლებლობა, თავისთავად განაპირობებს ინვესტორების მეტად დაინტერესებას, დააბანდონ ფულადი სახსრები ამა თუ იმ შპს-ში.

„ამასთან, ახალი წილების გამოშვებით ჩნდება ფინანსების ალტერნატიული, არასაბანკო გზით მოპოვების შესაძლებლობა, რაც საერთო ჯამში გაზრდის კაპიტალის ბრუნვას და წვლილს შეიტანს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში,” - აცხადებს სონღულაშვილი.

 

Businesspartner