ეკონომიკა
07/03/2023

დეველოპერები უძრავ ქონებაზე ფასების 15-20%-ით ზრდას პროგნოზირებენ

უძრავი ქონების ბაზარზე დღეს ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი და ზრდას გაზაფხულზე ისევ ველოდებით, - ამის შესახებ სამშენებლო დეველოპერული კომპანია „დომუს ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი აცხადებს.

მისი თქმით, მიგრანტების ნაკადმა საკმაოდ დიდი მოთხოვნა გააჩინა და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

„გამკაცრდა რეგულაციები, კოეფიციენტები. ცენტრალურ უბნებში გართულდა ახალი პროექტების აღება. აქედან გამომდინარე, სექტორი ახლა ფიქრობს და იძულებულია, რომ ახალი შესაძლებლობები იპოვოს, განვითარდეს უფრო ქალაქგარეთ, უბნების კონცეფციები შექმნას.

ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ უბნების კონცეფციებზე, თუმცა, ჩვენი კომპანია რადგანაც, მაღალ სეგმენტშია წარმოდგენილი, ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი პროექტები, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ განვახორციელებთ.

მომავალში, მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, რადგან ძალიან დიდი ნაკადი შემოვიდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან.

ასევე, ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა, რომელმაც ინვესტიციები განახორციელა.

განვითარებადი ქვეყანა ვართ და რა თქმა უნდა, მიმზიდველია დასავლეთის ქვეყნებისთვის ინვესტიციების განხორციელება საქართველოს უძრავ ქონებაში,"- აცხადებს „დომუს ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი გიორგი გიორგაძე.

მისივე თქმით, „დომუს ჯგუფში“ გაიზარდა უცხოელი მოხმარებლების რაოდენობა და ისინი ძირითადად, მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი პირები არიან.

„დღეს რომ შევადაროთ და საშუალო სეგმენტი ავიღოთ საბურთალოს რაიონში, ფასები გაზრდილია 20-30 პროცენტით. ტენდენცია გვაჩვენებს, რომ მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მინიმუმ, შენარჩუნდება ფასი, მაგრამ შეიძლება, 10-15%-ით კიდევ ველოდოთ ზრდას.

არ არის პროგნოზირებადი, რადგან, მაგალითად, ვაკის რაიონში, როდესაც 2000 დოლარი იყო, დღეს 3000 – 3500 დოლარზეა ფასი“ - აცხადებს გიორგი გიორგაძე.

Businesspartner