ეკონომიკა
10/09/2021

დისტრიბუტორთა ასოციაცია: მაღალი ინფლაცია და ძვირი საწვავი მძიმე დარტყმაა სექტორისთვის

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მუხედავად პანდემიური პიკისა, სექტორში ამ ეტაპისთვის სტაბილურობა შეინიშნება.

“მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა მსყიდველუნარიანობაზე პირდაპირ აისახება, ასევე საწვავის ფასი საკმაოდ მძიმე დარტყმაა სექტორისთვის. თუმცა, ასე თუ ისე ეკონომიკაც ამოძრავდა და ჩვენს სექტორს რეგულაციები ნაკლებად შეეხო. კომპანიები, რომლებმაც უდიდესი ზარალი მიიღეს, რეაბილიტაციის პროცესში არიან.

რაც შეეხება პროდუქტზე ფასების ზრდას, ვერ გამოვყოფდი რაიმე კონკრეტულს, ყველაფერი გაძვირდა. თუ სტაბილურად შენარჩუნდება ლარის კურსი, ფასების ზრდას არ ველოდებით. თუმცა თუ დოლარის კურსი შეიცვლება ამას მოყვება ნეგატიური შედეგები. ინფლაციის მაჩვენებელს რასაც ვაკირდებით, წლის ჭრილშია მაღალი, თვიდან თვემდე არც ისეთი მნიშვნელოვანი ზრდაა. ამასთან, საერთაშორისო გადაზიდვები, განსაკუთრებით ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან თითქმის 300%–ით არის გაზრდილი, რაც ღირდა 3000 ახლა ღირს 10000, ეს ყველაფერი კი ძალიან ცუდად აისახება ფასებზე,“ - აღნიშნავს ივა ჭყონია.

მისივე თქმით, ვაქცინაცია არის უმნიშვნელოვანესი და სწორედ ამიტომ ასოციაციის წევრ მწარმოებელ, სადისტრიბუციო და რითეილ სექტორის კომპანიებს, სპეციალურად გამოყოფილ ლოკაციაზე ურიგოდ აცრას სთავაზობდნენ.

“ჩვენს სექტორში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას, რომ სურსათის მიწოდება და ტრანსპორტირება უსაფრთხოდ განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა სხვადასხვა სამოტივაციო კამპანია წამოიწყეს და აცრილ თანამშრომლებს კონკრეტული ბენეფიტები შესთავაზეს,“ - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

 

Businesspartner