ეკონომიკა
13/03/2023

EBRD-ი აჭარაში ნარჩენების უკეთესად დამუშავებისთვის €19 მლნ-იან სესხს გამოყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების გადამუშავების საკითხების მოსაგვარებლად ბათუმსა და სრულად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

როგორც EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  გამოყოფილი 19 მილიონ ევრომდე სესხი გამიზნულია აჭარის ტურისტული რეგიონის მოსახლეობისა და ვიზიტორების წინაშე მდგარი გადაუდებელი გარემოს დაცვის გამოწვევებზე რეაგირებისთვის.

3 მილიონ ევრომდე ოდენობის პირველი ტრანში მოხმარდება მყარი ნარჩენების მართვის ახალი აღჭურვილობის შეძენას. ეს საშუალებას მისცემს მსესხებელს აამუშაოს ახალი ნაგავსაყრელი და შესაბამისად, შეწყვიტოს ნარჩენების განთავსება მოქმედ, ევროკავშირის (EU) სტანდარტებთან შეუსაბამო ნაგავსაყრელებზე.

16 მილიონამდე ევროს ოდენობის მეორე, არასავალდებულო ტრანში გამოიყენება გადამტვირთავი სადგურის მოსაწყობად. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას გამოაცალკევოს გადამუშავებადი მასალა და გადაამისამართოს ნარჩენები ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელზე.

 

Businesspartner