ეკონომიკა
10/03/2023

ეკონომიკის სექტორები, სადაც 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა

საქსტატის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით,  2022  წელს  FDI-იმ $2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია.

კონკრეტული სფეროების მიხედვით, ინვესტიციებში პირველ ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არის ის, რომ ქვეყნის ყველა ძირითადი კომერციული ბანკი უცხოური აქციონერების საკუთრებას წარმოადგენს, ქვეყნის ორი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. მეორე ადგილს სექტორებს შორის უძრავი ქონება, მესამეს კი წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა წარმოადგენს.

უწყების ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით. აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის მაჩვენებელი მაქსიმალურია.

დოკუმენტის მიხედვით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ. აშშ დოლარით (20.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197.0 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).

2022 წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური სექტორების მიხედვით ასე განაწილდა:
 
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 526.4 მლნ აშშ დოლარი
  • უძრავი ქონება - 406.9 მლნ აშშ დოლარი
  • წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 197 მლნ აშშ დოლარი
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 173.1 მლნ აშშ დოლარი
  • ენერგეტიკა - 149.1 მლნ აშშ დოლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 141 მლნ აშშ დოლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 130.4 მლნ აშშ დოლარი
  • მშენებლობა - 91.1 მლნ აშშ დოლარი
  • ტრანსპორტი - 81.7 მლნ აშშ დოლარი
  • ვაჭრობა - 40.8 მლნ აშშ დოლარი
  • სასტუმროები და რესტორნები - 31.5 მლნ აშშ დოლარი
  • განათლება - 10.5 მლნ აშშ დოლარი
  • ადმინისტრაციული საქმიანობები - 9.8 მლნ აშშ დოლარი
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 7.7 მლნ აშშ დოლარი
  • სოფლის მეურნეობა - 6 მლნ აშშ დოლარი
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - 2 მლნ აშშ დოლარი.
Businesspartner