ეკონომიკა
18/09/2020

„ენსისი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენსისი“ სპეციალურ განცხადებას ეხმაურება  და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მის შესახებ რიგ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, საუბარია  რამდენიმე მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციაზე, თითქოს „ენსისის“ დირექტორი გეგი ქელბაქიანი და კომპანია „თი როუდის“ ხელმძღვანელი შალვა ქელბაქიანი მოქმედებენ შეთანხმებულად და „ტენდერებს ძმები ხან დაბალი ფასის წყალობით, ან უკონკურენტოდ, ხან კი მხოლოდ ერთმანეთის კონკურენციაში იგებენ“. 

„ზემოხსენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ, რომ: 

  1. სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი იმარჯვებს სწორედ ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების და წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანია „ენსისის“ 2013 წლიდან დღემდე, მონაწილეობა 154 ტენდერში აქვს მიღებული, მათგან გაიმარჯვა 42-ში და უკლებლივ ყველა შემთხვევაში, კომპანიამ სწორედ კონკურენტ კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასი წარმოადგინა.
  2. კომპანია „ენსისის“ მიერ მოგებულ 42 ტენდერში პრეტენდენტთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 3,44-ს, ეს კი მნიშვნელოვნად აღემატება შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სექტორში ტენდერებში მონაწილე კომპანიების საშუალო ოდენობა შეადგენს 2,61-ს  (შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის ანგარიში, გვერდი 13). მეტიც,  კომპანია „ენსისის“ მიერ მოგებულ ტენდერთაგან 26-ში მონაწილეობდა 3 და მეტი კომპანია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კონკურენტულ გარემოს, რომლის ფარგლებშიც „ენსისი“ გამოვლინდა გამარჯვებულად.
  3. რაც შეეხება კომპანია „თი როუდს“ და მის მონაწილეობას ტენდერებში, დაფუძნების დღიდან, კომპანიამ ჯამში 9 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ყველა მათგანში მონაწილეობდა 3-ზე მეტი პრეტენდენტი. ხსენებული ტენდერებიდან, კომპანია „თი როუდმა“ გაიმარჯვა 3 ტენდერში, სადაც ერთ შემთხვევაში, 7 (NAT180000783), მეორე შემთხვევაში - 8 (NAT180000784), ხოლო მესამე შემთხვევაში - 3 (DEP180000096) პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ იმ ტენდერებიდან, რომელშიც კომპანია „თი როუდმა“ გაიმარჯვა, მხოლოდ 2 მათგანში მონაწილეობდა კომპანია „ენსისი“.

პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „ენსისის“ მიერ ჩატარებული სამუშაოები მოწმდება საზედამხედველო ორგანოების მიერ. აღნიშნული გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესის ზედამხედველობას და სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და მისი მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს. ვინაიდან საზედამხედველო ორგანოების მხრიდან, შპს „ენსისის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაცემულია დადებითი საექპერტო დასკვნები, აღნიშნული გულისხმობს, რომ კომპანია მუშაობს არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა რეალურად დაინტერესებული მედიის წარმომადგენელს შეუძლია განცხადებაში მოყვანილი ნებისმიერი ფაქტის გადამოწმება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“-ნათქვამია განცხადებაში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები