ეკონომიკა
11/05/2022

ევროსტანდარტები საზღვაო ტრანსპორტის სფეროში - რა ვალდებულებებს გვაკისრებს ასოცირების ხელშეკრულება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში 22 რეგულაციის იმპლემენტაციაა გათვალისწინებული. დირექტივებიდან 18 უკვე დანერგილია, ხოლო დანარჩენი განხორციელების პროცესში. 

"აღნიშნული ევრორეგულაციების იმპლემენტაცია საზღვაო სექტორის დარგში ძირითადად მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა საქართველოს დროშით მცურავი სავაჭრო ფლოტისა და საქართველოს ნავსადგურების საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფა, საზღვაო გარემოს დაბინძურების პრევენცია, ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების წარმოების ეფექტიანი კოორდინაცია, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის მონიტორინგი, მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სისტემის გამართული ფუნქციონირება",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ 2022 წელს განსახორციელებელ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. 

"1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 63-ე დირექტივა, რომელიც ეხება მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ სამუშაო შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ევროპის გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაციას და ევროკავშირის ტრანსპორტის მუშათა გაერთიანებების ფედერაციას შორის. ეს დირექტივა ადგენს იმ შეთანხმების პირობებს, რომელიც გაფორმდა მეზღვაურთა სამუშაო დროის სტანდარტებთან დაკავშირებით ევროპულ გემთმფლობელთა ასოციაციასა და ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულ ევროპულ გაერთიანებას შორის.

დირექტივა ასევე განსაზღვრავს ევროკავშირის ნავსადგურებში შემსვლელი გემების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს მეზღვაურთა სამუშაო საათების შესახებ",- განაცხადა გურამიშვილმა. 

მანვე იმ აქტებზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მიზნით 2021 წელს დაინერგა. 

"2001 წლის 4 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/96 დირექტივა, რომლითაც ჩამოყალიბდა სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხოდ ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზირებული მოთხოვნები და პროცედურები. დირექტივა ადგენს ნაყარი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის ჰარმონიზირებულ ტექნიკურ სტანდარტებს. აღნიშნული დირექტივის შესაბამისად, 2021 წლის 6 ოქტომბერს მიღებული იქნა საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის ბრძანება ნაყარი ტვირთების გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული პროცედურების დამტკიცების შესახებ. ამ წესის მიზანია მყარი ნაყარი ტვირთის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მიზნით საქართველოს ნავსადგურებში შემავალი ნაყარი ტვირთის გადამზიდავი გემების უსაფრთხოების გაძლიერება, ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს გემების კონსტრუქციაზე გადაჭარბებული დატვირთვით ფიზიკური დაზიანების რისკების შემცირება. წესი გამოიყენება ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ყველა გემის მიმართ, მათი დროშის მიუხედავად. 

2000 წლის 27 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 59-ე დირექტივა. ნავსადგურში გემების მიერ გენერირებული და ტვირთების ნარჩენების მართვის მოწყობილობების შესახებ. დირექტივა ადგენს ნავსადგურებში გემებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ტვირთის ნარჩენი ნივთიერებების მიმღები მოწყობილობების სტანდარტებს. ამ დირექტივის შესაბამისად, 2021 წლის 22 დეკემბერს მიღებულ იქნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ნომერ მე-17 ბრძანება. შესაბამისად, განისაზღვრა დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნები ნავსადგურის ადმინისტრაციის მიმართ. კერძოდ, ნავსადგურის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს გემიდან საყოფაცხოვრებო სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნივთიერებების მიღება, რათა აღმოიფხვრას გემიდან ნარჩენების ზღვაში ჩაყრა და დაცული იქნას ზღვის გარემო",- აღნიშნა გურამიშვილმა. 

 

Businesspartner