ეკონომიკა
01/09/2021

"ფერმერები სოფლის მეურნეობას ბიზნესად უნდა აღიქვამდნენ" - ნიკოლოზ ქავთარაძე

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქავთარაძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ფერმერებმა სოფლის მეურნეობა აღიქვან  როგორც  ბიზნესი, რადგან ასეთ დროს მოთხოვნა რისკების დაზღვევაზეც ჩნდება.

მისი ინფორმაციით,დღეს ფერმერები სოფლის მეურნეობას კომერციულად არ აღიქვამენ, რაც საბოლოო ჯამში პრობლემას ქმნის.

“ვინც პროგრამაში ჩართულია და ანაზღაურება აქვს მიღებული, იმ ხალხში კმაყოფილება მაღალია. სხვა ფერმერები რომ ხედავენ ამას, ერთვებიან პროცესში. პროგრამაში მონაწილე ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად მზარდია.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის მენეჯერები, მენეჯმენტის რგოლი რეგიონებში მოსახლეობას აქტიურად ხვდება და აგროდაზღვევის შესახებ ინფორმაციას დეტალურად აწვდის, ვპასუხობთ დასმულ შეკითხვებსაც. სადაზღვევო კომპანიებთანაც მუდმივად გვაქვს შეხვედრები და მუდმივად არის მსჯელობა როგორ შეიძლება დაიხვეწოს პროდუქტები, ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფიც,“ - აცხადებს ქავთარაძე.

მისი განცხადებით, სააგენტო სამომავლოდ საინფორმაციო კამპანიის გაფართოებას გეგმავს, მას კიდევ უფრო აქტიური ხასიათი მიეცემა. აგროდაზღვევის კულტურის და ნდობის ამაღლების საკითხში ჩართულია სადაზღვევო ასოციაციაც.

კახეთში აგროდაზღვევით 5000 ფერმერი სარგებლობს, ჯამში რეგიონში 11 000 ჰექტარია დაზღვეული. როგორც  ქავთარაძე აცხადებს, დღევანდელი მდგომარეობით, სულ გაცემულია 18 399 პოლისი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 16 529 პოლისი იყო გაყიდული.

როგორც ცნობილია, კახეთში სტიქიამ დაახლოებით 5000 ჰა-ს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ძირითადად დაზიანებულია ვენახის ფართობები - როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქავთარაძე  აცხადებს, რომ სტრიქიის შედეგად სადაზღვევო კომპნიებში დაახლოებით 2500-მდე შეტყობინება შევიდა, რაც ჯამში ფარავს 1300 ჰა-ს.

რაც შეეხება აგროდაზღვევას,პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლიათ 8 სადაზღვევო კომპანიაში: "ალდაგი", "პრაიმი", "ევროინს ჯორჯია", "არდი", "ალფა", "თიბისი დაზღვევა", "ნიუ ვიჟენ დაზღვევა", "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი".

პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე დამზღვევი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს, ვაზზე კი 50%-ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები