ეკონომიკა
01/06/2023

გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაზე 91 განცხადებაა დარეგისტრირებული

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

კანონის ამოქმედების შემდეგ, გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაზე სულ 91 განცხადებაა დარეგისტრირებული. აქედან 57 განაცხადზე წარმოება გაიხსნა.

განახლებულ სტატისტიკაზე და რეფორმის მიმდინარეობაზე ჩართულმა მხარეებმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ისაუბრეს.

„სტატისტიკიდან შეგვიძლია უკვე დავინახოთ ორი მნიშვნელოვანი მომენტი - ერთი რომ მიმართვიანობა შედარებით დაბალია, წესით, ეკონომიკურად ცოცხალი, მარამ კრიზისის გამო გამოუყენებელი აქტივების გაცოცხლების ინტერესი დაგროვილი უნდა იყოს. მეორე - 91-დან 57 საქმის დასაშვებობა აჩვენებს, რომ საზოგადოებას, განმცხადებლებს ჯერ არ ესმით როგორ უნდა შევიდნენ ამ პროცესში, როგორ დაგემონ საქმე. გარკვეულწილად, მათ სჭირდებათ დახმარება ამ პროცესში“ - აღნიშნა იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორმა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსმა გიორგი ბათლიძემ.

დახმარების გზებზე და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებაში USAID-ის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელმა.

„კანონის მიღების შემდეგ მიშვნელოვანია კანონმა იმუშაოს, მას უნდა ჰყავდეს მომხმარებელი - როგორც ბიზნესი, ასევე კრედიტორი და სახელმწიფო. კანონის გამომყენებელი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფია. ამიტომ, ვმუშაობთ გადახდიუუნარობის პროფესიის - როგორც ახალი პროფესიის განვითარებაზე - ჩამოყალიბდა ტრენერების ტრენინგის კურსი, რომელიც 18-ვე ავტორიზებულმა პრაქტიკოსმა გაიარა.

სწავლებას ახლაც გადიან ის დაინტერესებული პირები, რომლებმაც შემდეგი ეს კანონი უნდა გამოიყენონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენეტი გვაქვს ბიზნესის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ამ საკითხზე რეგიონებში ხუთი-ექვსი შეხვედრა ჩავატარეთ ადგილობრივ ბიზნესთან“ - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველმა საკანონმდებლო საკითხებში ლიანა ახობაძემ.

გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის გიორგი ბათლიძის შეფასებით კი, ახალი რეფორმა და მიდგომები დიდ შესაძლებლობებს აჩენს და ბიზნესის ცნობიერების ამაღლება კანონის სარგებლიანობაზე, უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტების, გონივრულად და სამართლიანად გადანაწილებულ კონცეფციებზე დაფუძნებული კანონი, რომელიც აქამდე არ გვქონია. ეს არის შესაძლებლობა და ბიზნესმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ჩვენ გავიარეთ ძალიან ვრცელი ფაზა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კანონის ამოქმედების შემდეგ იწყება - პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, სტატისტიკაზე დაკვირვება და ა.შ. მიმართვიანობაში ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა ამ ორი წლის განმავლობაში. აშკარაა, რომ საზოგადოებას სჭირდება ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება. საზოგადოება და ბიზნეს-წრეები მიჩვეული არიან, რომ გადახდისუუნარობა განყენებული თემაა, რომელიც მათ არ ეხებათ და არც აქვთ ინფორმაცია ამ ჩარჩოზე“ - განმარტავს გიორგი ბათლიძე.

გადახდისუუნარობის ახალი კანონი “რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოში 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მოქმედებს. ახალი კანონის თანახმად, თუკი ბიზნესი ჩიხში შევიდა და ფინანსური ვალდებულებების დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს, მას აქვს შესაძლებლობა, ახალ საკანონმდებლო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ეფექტიანად დაარეგულიროს კრედიტორებთან ურთიერთობა – მოახერხოს რეაბილიტაცია და სიცოცხლისუნარიანი დაუბრუნდეს ბაზარს ან გაკოტრდეს და ბაზრიდან გავიდეს.

გადახდისუუნარობის რეფორმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

Businesspartner