ეკონომიკა
02/03/2023

გამარტივებული შესყიდვის ლიმიტი იზრდება

გამარტივებული შესყიდვების მონეტარული ზღვრები იზრდება.ცვლილება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შედის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან რაზმაძის განმარტებით, დღეს არსებული რეგულირებით, გამარტივებული შესყიდვების მონეტარული ზღვარი 5 000 ლარია. ცვლილების შედეგად კი საქონლისა და მომსახურების სფეროში ეს ზღვარი 10 000 ლარამდე, ხოლო სამშენებლო სექტორში 20 000 ლარამდე გაიზრდება.

„მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ეს მიმართულება ცოტა ხნის წინ მიღებულ შესყიდვების შესახებ ახალ კანონშიც ასახულია, თუმცა მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო 2025 წლიდან და შენიშვნებიდან გამომდინარე, მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ცვლილება დაჩქარებული წესით, ძველ კანონში შევიდა.

2 200-ზე მეტი სკოლაა, რომელიც ჩვენი შემსყიდველია, მათ არ ყავთ შესყიდვების სპეციალისტები. ძირითადად, ბუღალტერი აკეთებს ამ საქმეს და დაბალი მონეტარული ზღვრების გამო ბევრი პრობლემა ექმნებოდათ. შედეგად, გვიწევდა მათი დაჯარიმება. ახლა შეიძლება ითქვას, ხელ-ფეხი გაეხსნებათ. მოქნილობა მეტი ექნებათ, მაგალითად როცა სტიქიაა და სასწრაფოდ აქვთ რაღაც დასახარჯი, შეძლებენ პირდაპირ გააფორმონ ხელშეკრულება და აღარ დაელოდონ ჩვენგან ნებართების მიღებას. დიდი ხანია იდგა ეს პრობლემა და 2025 წელს რომ აღარ დავლოდებოდით, ამიტომ დავაჩქარეთ ამ სახის ცვლილება კანონში,"-აღნიშნა ლევან რაზმაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონმდებლობა აქვს. ახალი კანონი ძალაში 2025 წლიდან შევა.

Businesspartner