ეკონომიკა
30/10/2022

გენადი არველაძე: ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთში 1.5%-ჯერ გაიზარდა

საქართველო-უნგრეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავს, - დეტალებზე იმსჯელეს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომაზე. ქართულ მხარეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უნგრეთის მხარეს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა თავმჯდომარეობდა .

კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.

აღინიშნა, რომ 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველო-უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით, 2022 წლის 9 თვეში 17%-ით გაიზარდა.

გენადი არველაძის განცხადებით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთის ბაზარზე 1.5-ჯერ გაიზარდა.

„ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამდენად, მისასალმებელია ქართული ექსპორტის ზრდა უნგრეთის ბაზარზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია ერთობლივი ნაბიჯებით არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

კომისიის სხდომაზე ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.

ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის 10 წლიანი საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც Wizz Air-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში.

მხარეებს შორის წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის მხარემ შეთანხმების ტექსტი უკვე მიაწოდა ევროკომისიას შესაბამისი ავტორიზაციის მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს ხსენებულ შეთანხმებას.

რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე. მათ შორის განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რაზეც უნგრეთის მხარემ გამოხატა ინტერესი და გამოთქვა მზადყოფნა პროექტის რეალიზაციაში აქტიურ ჩართულობაზე.

ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.

Businesspartner