ეკონომიკა
22/05/2021

გენადი არველაძე: ვიმედოვნებთ, უნგრეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება

საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს თბილისში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომაზე.

მხარეები განმარტავენ, რომ თანამშრომლობის გაფართოების პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი.

2020 წლის მონაცემებით, უნგრეთი-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით გაიზარდა, ქართული პროდუქციის ექსპორტი კი უნგრულ ბაზარზე 20%-ით.

„ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და DCFTA შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ქართული კომპანიების მიერ მაქსიმალური გამოყენება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ქართული ექსპორტის ორციფრიანი ზრდა უნგრეთის ბაზარზე მართლაც მისასალმებელია და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთობლივი ნაბიჯებით მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

ქართულმა მხარემ უნგრული ავიაკომპანია WizzAir-ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების განახლების მნიშვნელობაზე აღნიშნა, რაც ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას უწყობს ხელს.

კომისიის სხდომის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა.

უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხესაც ეწვია.

თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სამოქალაქო დაზვერვის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.

Businesspartner