ეკონომიკა
23/05/2022

გიორგი კაკაურიძე: პოზიტიური ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა ინფლაცია ისევ გამოწვევად რჩება

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 14.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი, ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, პოზიტიურია. 

თუმცა, მისი თქმით, როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის ინფლაცია ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც საზრუნავია. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, პირველ კვარტალში 3.9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 37.9%-ით არის გაზრდილი, აქედან ექსპორტი იყო 1.2 მლრდ დოლარი, გაზრდილია 43.3%-ით, ხოლო იმპორტი 2.7 მლრდ დოლარია და ფიქსირდება 35.7%-იანი ზრდა. 

ჯამური საქონლის ბრუნვიდან პირველ ადგილზეა 20.8%-ით ევროკავშირი, შემდეგ თურქეთი 14.6%-ით,  ჩინეთი 12%, რუსეთი 9.9%, აზერბაიჯანი 9.2%. 

ექსპორტის ნაწილში 17.8% უკავია ევროკავშირს, 18.8% ჩინეთს, 9.4% რუსეთს, 10.7% აზერბაიჯანს, 8.5% თურქეთს. 

იმპორტის კუთხით, 22.2% ევროკავშირი, თურქეთი 17.2%, რუსეთი 10.2%, ჩინეთი 9%, აზერბაიჯანი 8.5%, აშშ. 4.8%. 

რაც შეეხება ტურიზმს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 68%-ია აღდგენის მაჩვენებელი.

Businesspartner