ეკონომიკა
18/10/2022

გიორგი პაპავა: პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საგარეო ვალის ზრდა არ მოგვიწევს

საგარეო ვალის მოცულობა მცირდება. ქვეყანამ სექტემბერში $37,693 მლნ-ის ძირითადი თანხა დაფარა, პროცენტის სახით კი $4,85 მლნ გადაიხადა. სულ, ამ დროისთვის, ქვეყნას $7.575 მლრდ-ის ვალდებულებები აქვს, თითქმის 284 მლნ დოლარით ნაკლები, ვიდრე შარშან ამ პერიოდში. მთავრობამ გასულ წელს საგარეო ვალის აღების სტრატეგიის ცვლილებაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა სესხს მხოლოდ დიდი პროექტებისთვის აიღებს.

ISET-ის კვლევით ინსტიტუტში ფიქრობენ, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ამ სტრატეგიაში არსებობს, სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს, თუმცა გარკვეული ინდიკატორები შესაცვლელია, რადგან დღეს, ეკონომიკის ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე იმ დოკუმენტის შემუშავებისას ამის პროგნოზირება იყო შესაძლებელი, გარდა ამისა, სხვა ნიშნულზეა ლარის კურსიც.

როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, უახლოეს პერიოდში საგარეო ვალის ზრის მოლოდინი არ არსებობს. „საგარეო ვალის მნიშვნელოვანი გაზრდა არ უნდა მოგვიწიოს რიგი მიზეზების გამო, უფრო კონკრეტულად კი - ეკონომიკა იზრდება იმაზე ჩქარა, ვიდრე ეს პროგნოზირებულია. შესაბამისად, ბიუჯეტში არსებობს იმის რესურსი, რომ საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე, სახელმწიფომ მოახდინოს ვალდებულებების დაფარვა, შესაბამისად, აქ ნომინალურ გამოსახულებაში ვერ ვხედავ ვალის გაზრდის მნიშვნელოვან რისკებს. ცხადია, თუ მივუდგებით შედარებით უპასუხისმგებლოდ, შეიძლება რომ გავზარდოთ ეს ვალი, მაგრამ, პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა დაგვჭირდეს შემდეგი 1-2 წლის განმავლობაში, საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდა“, - განუცხადა გიორგი პაპავამ „ბიზნესპარტნიორს“.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტმა ვალის გაზრდის სავარაუდო რისკებს შორის რეგიონში არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირება, ასევე გაცვლითი კურსის რისკი დაასახელა.

Businesspartner