ეკონომიკა
01/12/2020

გიორგი ცუცქირიძე: ბიუჯეტის დროული მიღება წმინდა პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. ბუნებრივია, გადამუშავებულ ვარიანტში აისახა ის ახალი რეალობა რაც სექტემბრიდან საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებას და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდას უკავშირდება. ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი რაც დაკავშირებულია პირველ რიგში ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ დამატებით ღონისძიებებზე და ასევე სოციალური თუ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების საჭიროებების დაფინანსებაზე, აისახა ახალ ვარიანტში,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ თავისი ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ექსპერტის განცხადებით, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში კვლავ პრიორიტეტად ორი მთავარი მიზანი რჩება - ზრუნვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაზე. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია როგორც ინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.
„ნიშანდობლივია, რომ ბიუჯეტის ყველა პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, კიდევ ერთხელ, გადაიხედა მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზები და მისიასთან მიღწეული იქნა შეთანხმება ძირითად პარამეტრებზეც, რაც ითვალისწინებს სსფ-ის მხრიდან საქართველოსთვის დამატებით, დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას. რაც შეეხება ბიუჯეტში ასახულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც ხშირად ოპოზიციის კრიტიკის საგანია. მიუხედავად, ბოლო თვეებში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების ტენდენციისა, თუ მეორე კვარტალში კლებამ შეადგინა 12.3%, უკვე მესამე კვარტალში 3 ჯერ გაუმჯობესდა და მხოლოდ - 3.8%, ხოლო სექტემბერში 1 % ნაკლები იყო, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან, კოვიდ-პანდემიის მზარდი ზრდის გამო, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობის შეზღუდვა ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა ექნება. შესაბამისად, 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება 5.0%-ის ფარგლებში იქნება,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, საშუალოვადიან პერიოდში კი საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში.
ნიშანდობლივია, რომ ანალოგიური გადაფასება მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. მართალია, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში (სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7.6%-ს), თუმცა საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალისწინებს მშპ-ის 3%-იან საკანონმდებლო პარამეტრების ნიშნულზე დაბრუნებას 2023 წლისათვის.
რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, სამთავრობო ვალის მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის, მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით, თუმცა უკვე 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.
ექსპერტის განცხადებით, 2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25.1%-ს თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ხარჯები ამ მიმართულებითაც შემცირდება მშპ-ის 22.2%-მდე ფარგლებში. ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებზე მნიშნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა, ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა.
„დღეს, 2021 წლის ბიუჯეტის დროული მიღება წმინდა პოლიტიკურ დატვირთვასაც იძენს, პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა იქნება ძალზე მნიშვნელოვანი. ამიტომაც მოუწოდებენ ოპოზიციას საერთაშორისო აქტიორები ბოიკოტირების რეჟიმის შეწყვეტისაკენ. რაც დროულად გადავა ქვეყანა ბოიკოტირების რეჟიმიდან საპარლამენტო თანამშრომლობის რეჟიმში, მოგებული პირველ რიგში მოსახლეობა დარჩება, და ოპოზიციასაც, ყოველ შემთხვევაში მის ნაწილს, სწორედ ეს უნდა ესმოდეს!“ - აღნიშნა ექსპერტმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები