ეკონომიკა
03/08/2022

გვენეტაძე: სისტემური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განვითარებად ქვეყნებზეც მოქმედებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გავლენა საქართველოზეც ჰქონდეს.

"ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მონეტარული პოლიტიკა უკვე გამკაცრდა. ამავე დროს ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც გაამკაცრა პოლიტიკა. ეს კიდე იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი სისტემური ბანკების მიერ პოლიტიკის გამკაცრებას. ეს ქვეყნები ზრუნავენ თავიანთ ქვეყნებში ინფლაციაზე, თუმცა ამას აქვს თანმდევი ეფექტები, რომელიც განვითარებად ქვეყნებზე ახდენს გავლენას. მაშინ, როდესაც მკაცრდება პოლიტიკა, ამ ქვეყნების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება უფრო მიმზიდველი ხდება და განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალი ამ ქვეყნებში გაედინება. ამან კი შესაძლებელია განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს. მაგალითად, შესაძლოა ეროვნული ვალუტა გაუფასურდეს. 

როგორც წესი, ასეთმა გამკაცრებებმა შესაძლებელია რეცესია გამოიწვიოს თავად იმ ქვეყანაში, სადაც ეს ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს, რაც სხვა ქვეყნებზეც აისახება. მოსალოდნელია, რომ ამას მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა ექნება",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები