ეკონომიკა
16/07/2020

"გზავნილებში დადებითი ტრენდი ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას და მყარ ლარს ნიშნავს"

ფულადი გზავნილების ზრდა ნიშნავს, რომ  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა, - მიიჩნევს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძე Facebook-ში თავის გვერდზე წერს, რომ გზავნილებში დადებითი ტრენდი ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას და შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს.

„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მაშინ, როდესაც აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, ხოლო მაისში კლების ტემპმა იკლო და 9.6% შეადგინა, ივნისში კლება უკვე ზრდით შეიცვალა და ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატება“, - აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

 

 

Businesspartner