ეკონომიკა
06/05/2020

IMF საქართველოს ბიუჯეტში 1,4 მლრდ-ით ნაკლები შემოსავლების მობილიზებას ვარაუდობს

ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ბიუჯეტის განახლებული ვერსიის წარდგენამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის სავარაუდო პარამეტრები უკვე გამოაქვეყნა.

სავალუტო ფონდი საქართველოს ბიუჯეტში 1,4 მლრდ-ით ნაკლები შემოსავლების მობილიზებას ვარაუდობს. განახლებული პარამეტრების მიხედვით, წელს ქვეყანა 12 მლრდ ლარის შემოსავლების მიღებას შეძლებს, საიდანაც, 10,7 მლრდ-ის მობილიზება გადასახადებიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან, ბიუჯეტში გრანტებიდან ნაცვლად 205 მლნ-ისა, 432 მლნ-ის მობილიზება მოხდება.

ახალი პროგნოზით, წელს სახელმწიფო დანახარჯების მოცულობა 1,5 მლრდ-ით – 16.26 მლრდ ლარამდე გაიზრდება.,საიდანაც უშუალო ხარჯებისკენ 13 მლრდ ლარი წარიმართება. 500 მლნ-ით არის გაზრდილი სუბსიდირების ხარჯები, ხოლო 1,3 მლრდ-ით სოციალური გასაცემლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ სავალუტო ფონდისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი ტრანში – 201.3 მლნ დოლარი უკვე მიიღო. ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის ცვლილებები ჯერ არ წარმოუდგენია, რამდენად დაემთხვევა სავალუტო ფონდის დოკუმენტი ამ ცვლილებებს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

Businesspartner