ეკონომიკა
12/01/2022

ინფლაცია, ვალი და გლობალური უთანასწორობა - ეკონომიკური აღდგენის 3 დაბრკოლება WB-ის შეაფსებით

მსოფლიო ბანკი მსოფლიოს პანდემიის პირობებში ეკონომიკურ აღდგენის გზაზე 3 ძირითად დაბრკოლებას ხედავს. ფინანსური ინსტიტუტის ახალ ანგარიშში ეს დაბრკოლება ვალი, ინფლაცია და გლობალური უთანასწრობაა. სწორედ ამ 3 საკითხს მიუძღვნა WB-მ ანგარიში.

იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 -მა მთლიანი გლობალური ვალი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არნახულ უმაღლეს მაჩვენებლამდე გაზარდა (მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორებთან დაკავშირებული სიტუაცია სულ უფრო მეტად რთულდებოდა), ანგარიშში გაკეთებულია დასკვნა, რომ მომავალი კოორდინირებული ინიციატივები დავალიანების ტვირთის შესამსუბუქებლად კიდევ უფრო სერიოზული დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება. წარსულში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ღონისძიებების გამოყენებას დიდი ოცეულის საერთო კონცეფციის მიმართ, შეუძლია მისი ეფექტურობის ამაღლება და ნაკლოვანებების თავიდან აცილება, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა ინიციატივების დროს.

„არჩევანი, რომელსაც პოლიტიკის შემმუშავებლები მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთებენ,  მომდევნო ათწლეულის კურსს გადაწყვეტს. გადაუდებელი პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინის ფართო და თანასწორი გამოყენების უზრუნველყოფა ისე, რომ პანდემია კონტროლის ქვეშ მოექცეს. მაგრამ განვითარების მიმართულებით პროგრესის შეფერხება, როგორიცაა მაგალითად მზარდი უთანასწორობა, მდგრად მხარდაჭერას მოითხოვს. მაღალი ვალის პირობებში გლობალური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება ფინანსური რესურსების ზრდის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებში, რომ მათ უზრუნველყონ მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური განვითარება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა  განვითარების პოლიტიკის და პარტნიორობის მიმართულებით მარი პანგესტუმ.

მეორე საკითხი სასაქონლო ფასების მერყეობაა, WB განმარტავს, რომ ეს ციკლი გავლენას ახდენს ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებზე, რომელთა უმეტესობა დამოკიდებულია  საქონლის ექსპორტზე.

"აღნიშნული ციკლები განსაკუთრებით ინტენსიური იყო გასული ორი წლის განმავლობაში, როცა სასაქონლო ფასები  COVID-19 -ის გამოჩენასთან ერთად დაეცა და შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გასულ წელს, ზოგიერთ შემთხვევაში, მანამდე არნახულ დონემდე. გლობალური მაკროეკონომიკური განვითარება და საქონლის მიწოდების ფაქტორები სავარაუდოდ გამოიწვევს რყევის გაგრძელებას სასაქონლო ბაზრებზე. ბევრი საქონლისთვის ეს ციკლები შეიძლება გამრავლდეს კლიმატის ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორების და წიაღისეული საწვავის გამოყენებიდან სხვა რესურსებზე ენერგეტიკის გადასვლის შედეგად. ანალიზი ასევე გვიჩვენებს, რომ სასაქონლო ფასების ბუმი 1970-იანი წლებიდან მოყოლებული  უფრო დიდი იყო ვიდრე ვარდნა, რაც ქმნიდა უფრო ძლიერი და მდგრადი ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს საქონლის ექსპორტის განმახორციელებელ ქვეყნებში -  დისციპლინირებული პოლიტიკის გამოყენების შემთხვევაში ბუმის დროს მოულოდნელი მოგებიდან სარგებლის მიღების მიზნით", - ნათქვამია კვლევაში.

მესამე საკითხი COVID-19-ის ზემოქმედებაა გლობალურ უთანასწორობაზე. WB-ს კვლევის მესამე თავში გაკეთებულია დასკვნა, რომ პანდემიამ ნაწილობრივ გაზარდა შემოსავლის გლობალური უთანასწორობა გასული ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული კლების შემობრუნებით. მან ასევე გაზარდა უთანასწორობა ადამიანის საქმიანობის ბევრ სხვა სფეროში - ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით; ეკონომიკური ზრდის მიმართულებით; განათლებასთან და ჯანდაცვასთან წვდომის კუთხით; და სამუშაო ადგილების და შემოსავლების დაკარგვის მიმართულებით, რომელიც უფრო მაღალია ქალებისთვის და დაბალი დონის უნარ-ჩვევების მქონე არაოფიციალური მუშაკებისთვის. ამ ტენდენციას  გრძელვადიანი ზემოქმედების პოტენციალი აქვს: მაგალითად, ადამიანური კაპიტალის კუთხით დანაკარგებმა, რომლებიც გამოწვეულია განათლების წყვეტილობით, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მომავალ თაობებზე.

მსოფლიო ბანკის სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა აიჰან კოსემ აღნიშნავს, რომ არმოებული პროდუქციის მოცულობის და ინვესტიციების მოსალოდნელი კლების, მანევრირების შეზღუდული შესაძლებლობების და პერსპექტივების შემაფერხებელი არსებითი რისკების პირობებში ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებადმა ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისას. "მათ ასევე უნდა განახორციელონ რეფორმები პანდემიის ზემოქმედების კვალის წასაშლელად. ეს რეფორმები უნდა შემუშავდეს ინვესტიციების და ადამიანური კაპიტალის გასაუმჯობესებლად, შემოსავლების და გენდერული მიმართულებით უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და კლიმატის ცვლილებებით განპირობებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.“