ეკონომიკა
08/12/2021

ინფლაციის შემცირებამდე სებ-ი მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი დარჩება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მაღალი ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან გამოწვევააა, როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებისთვის.

მისი თქმით, სანამ ინფლაცია არ შემცირდება, ეროვნული ბანკი მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი იქნება. ეს კი იმის გარანტი იქნება, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავა და დროებითი იქნება. 

"გლობალურად გახანგრძლივებული პანდემიის გამო, მსოფლიო 2021 წელს ეგზოგენურ ფაქტორებით შეხვდა: ეს იყო საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო გადაზიდვების ფასების მკვეთრი ზრდა, ეკონომიკის ჩაკეტვები (ლოქდაუნი) და კოვიდ-19-ის შედეგად საწარმოების ერთ-ერთეულ პროდუქტზე ხარჯების ზრდა. ამ ყველაფრის ფონზე, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, 2021 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთ განვითარებულ ქვეყანაში როგორიცაა აშშ (6.2% - დაახლოებით ბოლო 30 წლის მაქსიმუმი) და გერმანია (წინასწარი მონაცემებით 5.2% - დაახლოებით ბოლო 29 წლის მაქსიმუმი). აღნიშნული სიტუაცია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, როგორც საშუალოვადიანი პერიოდის ორიენტირს, რომლისკენაც მიმდინარე ინფლაციამ უნდა იმოძრაოს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. კერძოდ, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეკონომიკისთვის ნომინალური ღუზაა - ის იმისგან გვიცავს, რომ შოკების შემდეგ ინფლაცია მის გრძელვადიან ოპტიმალურ დონეს, რომელსაც ჩვენ მიზნობრივ მაჩვენებლად ვაწესებთ, ისევ დაუბრუნდეს ხოლმე. მაღალი ინფლაციის დროს მაღალი ინფლაციის მიზნის დაწესებით, პრაქტიკულად, ინფლაციის მიზნის არსებობის დანიშნულებაზე ვიტყოდით უარს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დაბალ დონეზე შენარჩუნებით კი ბაზრისთვის ცხადია, რომ ეროვნული ბანკი მანამ იქნება მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი, სანამ ინფლაცია კვლავ არ შემცირდება. სწორედ ეს იქნება იმის გარანტი, რომ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ინფლაცია პერმანენტულ ინფლაციაში არ გადავა და დროებითი იქნება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით მიიღწევა.

"ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით. გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება. მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებს: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერთიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სავალუტო სვოპ ოპერაციები", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner