ეკონომიკა
16/04/2021

ინფლაციური ზეწოლა გაზრდილია - Galt & Taggart-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელის

Galt & Taggart-ის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ინფლაციური ზეწოლა გაზრდილია, მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. 

"იმის გამო, რომ ინფლაციური ზეწოლა გაზრდილია, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. თუმცა, ჩვენი შეფასებით, მიმდინარე თვის სხდომაზე, რომელიც 28 აპრილს გაიმართება მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება, გამომდინარე იქიდან, რომ ის ფაქტორები, რომელიც დღეს ლარზე მოქმედებს მომდევნო თვეებში სავარაუდოდ არ შემსუბუქდება.“– აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.

მესამე წელია მიზნობრივ ინფლაციაზე მაღალი ინფლაცია ფიქსირდება ქვეყანაში, განსაკუთრებით მარტში, როდესაც მაჩვენებელმა 7,2%–ს მიაღწია.

Galt & Taggart–ის ეკონომისტის თქმით, პირველი ფაქტორი, რაც ფასების დონეზე მოქმედებს არის ლარის კურსი, მეორე– მიმდინარე წლის დასაწყისიდან მსოფლიო სასაქონლო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა და მესამე ფაქტორი არის კომუნალურებზე ტარიფის ზრდა.

„ჩამოთვლილთაგან ფასების დონეზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს გაცვლით კურსს. როდესაც ლარი დოლარის მიმართ 1%–ით უფასურდება ეს იწვევს ფასების ზრდას 0.25%–0.35% პუნქტის ფარგლებში. ჩვენი მოლოდინით, ფასების ზრდა გაგრძელდება და წლის ბოლოს მიაღწევს 8,6%–ს, რაც წლიურ ჭრილში გამოდის 6,9%–იანი ზრდა,"–ამბობს ქავთარაძე. 

 

Businesspartner