ეკონომიკა
22/02/2021

ირაკლი ღარიბაშვილი: "აწარმოე საქართველოში" ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საქართველო მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

„ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნდა გავაერთიანოთ რესურსები - სახელმწიფომ, ბიზნესმა, კერძო სექტორმა. ჩვენ უნდა დავიხმაროთ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რესურსები და ასეთი ერთიანი სინერგიით, ახალი ენერგიით, ერთიანი რესურსებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, კონკრეტული სფეროების და დარგების მიხედვით - სოფლის მეურნეობაში, ადგილობრივი წარმოების განვითარებაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საჭიროებს გადახედვას და მასშტაბების გაზრდას.

„პროგრამა ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, სწორი გაგებით, ისეთი დარგების აღდგენაში, რომელიც სწორედ ჩვენი უგუნური პოლიტიკის შედეგად დავანგრიეთ ამ 30 წლის განმავლობაში. არ შეიძლება დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ერთი მხრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ასევე სხვა სამრეწველო პროდუქტები. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ამუშავებდა, ყველა ქვეყანას არ შეუძლია თვითმფრინავების წარმოება, მესმის ეს წარსულია, თუმცა არც ისე შორეული, მაგრამ ეს კლასიკური მაგალითია, რა გვქონდა, რა ვიყავით და როგორ მავნებლურად მოვექეცით, ჩვენ თვითონ როგორ დავანგრიეთ აღნიშნული საწარმო. ასეთი მაგალითები უამრავია. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება გადახედვა. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩვენ გვაქვს გამონათებები, ფრაგმენტული პროგრესი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები