ეკონომიკა
20/12/2022

"ხუდონჰესი" შესაძლოა საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ნაწილითაც აშენდეს

სახელმწიფომ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა.პროექტის გამოსყიდვა სახელმწიფოს $13.5 მლნ დაუჯდა პროექტი სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდებააუქციონი მომავალ წელს გამოცადდება, მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ მსხვილი სტარტეგიული პროექტები სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით უნდა ხორციელდებოდეს.

სვანეთში ხუდონჰესის პროექტი ინდურ კომპანიატრანს ელექტრიკსუნდა განეხორციელებინა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ კვრ.სთ უნდა ყოფილიყო.

როგორი იქნება ახალი სიცოცხლე და როგორია მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა,  - თემაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" ისაუბრა:

-სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციაა, რომ ყველა მსხვილ და სტრატეგიულ პროექტს, სახელმწიფო აქტიური მონაწილეობით განახორციელებს. რას გულისხმობს ეს როლი და  ჩართულობა ?

-მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომები, განცხადებები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან თანმდიმდევრულია. ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენეული ხედვა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია. პრემიერი არაერთ განცხადებას აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ განახლებადი ენერგია ჩვენთვის პრიორიტეტია  და ასეთ პროექტებში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა უნდა იყოს.

ჩვენ მივესალმებით პირდაპირ უცხოურ, ადგილობრივ და კერძო ინვესტიციებს, მაგრამ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ჩართულობის გარეშე განხორციელების ეტაპზე ვხედავთ, რომ ეს  შედეგიანი არ არის. ამიტომ, როდესაც ქვეყანას ასეთი პერსპექტივები უჩნდება ენერგეტიკის მიმართულებით, აუცილებლად აქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ აქტიურად იმოქმედოს.

ვგულისხმობ იმას, რომ სახელმწიფო იქნება მთავარი წამმართველი ძალა, იგივე „ხუდონჰესის“ იმპლემენტაციის საკითხში. სახელმწიფომ ინვესტორი კომპანიისგან დაიბრუნა პროექტი და მის ფარგლებში ინვესტორისთვის გადაცემული მიწებიც.  2023 წლისთვის ჩვენ აქტიურად დავიწყებთ პროექტს, მათ შორის სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერილი იქნება ჩვენი მოსახლეობის მხრიდან, რადგან სტრატეგიული პროექტები არ არის მოკლევადიანი, ეს არის გრძელვადიანი, ათწლეულებზე გათვლილი და საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ეკონომიკის წარმატებსთვის მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა  გააჩნია.

-რა თანხებზეა საუბარი სახელმწიფოს მხრიდან, დათვლილია?

-ჩვენ ამის სტრუქტურირებას მოვახდენთ უკვე მომდევნო თვეების განმავლობაში. თუმცა, ვიცით, რომ ეს არის 700 მგვტ-იანზე ცოტა მეტის სიმძლავრის  პროექტი, რომელსაც განსაკურებული მნიშვნელობა გააჩნია.

-ამავე სიმძლავრის დარჩება?

-დიახ, გარკვეული მოდიფიკაციების ვარიანტსაც განვიხილავთ. ჩვენ არ ვთვლით, რომ 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს. თუმცა, სახელმწიფოს ექნება წარმმართველი ძალა, სახელმწიფო იქნება მათ შორის ინვესტორი. ჩვენ ამისთვის რესურსების მობილიზებას შევძლებთ, ამაზე ფინანსთა სამინისტროსთან გვაქვს მკაფიო ხედვა.

ეს პროექტი თავის თავში მომგებიანია და შესაბამისად, ის, რომ ქვეყანა სახელმწიფო რესურსებს გამოიყენებს,მიზანშეწონილია, რადგან  ეს იქნება ქართველი ხალხის თანხები, რომლის წარმატებით განხორციელების შედეგად, მოსახლეობა  ეკონომიკურ სიკეთეს მიიღებს.

-საიდან მობილიზდება თანხები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან თუ შიდა რესუსრსებიდან მოხდება ამ თანხების გამოთავისუფლება?

-ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრიქტურული რეფორმები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ  მოახერხა ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიის შემდეგ ჩვენ შევძელით ეკონომიკის აღდგენა და მაკროეკენომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც გვაძლევს იმის სივრცეს, რომ ვესაუბროთ  ძალიან ღიად როგორც  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ისე ადგილობრივ ინვესტორებს.

სახელმწიფოს მონაწილეობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია როგორც ადგილობრივი ფინანსური რესურსების მობილიზება, ისე  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვა. ასევე საპენსიო ფონდის არსებული თანხების ნაწილობრივი გამოყენება გრძელვადიანი პროექტებისთვის. ეს არის საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები, რომელიც მაქსიმალური წინდახედულობით ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ  გრძელვადიან პროექტებში იქნეს მიმართული.   შეიძლება ეს იყოს ობლიგაციები, კაპიტალი, ამის სტრუქტურირებას რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახდენთ. ასევე  ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენს პოტენციურ და პროფესიონალ ინვესტორებთან.

-არის თუ არა ინტერესი დ ძირითადად, რომელი ბაზრები და ქვეყნები ინტერესდებიან?

-ძალიან დიდი ინტერესია. ახლა კონკრეტული კომპანიების გაჟღერება არ მინდა, თუმცა, ეს არის დასავლეთ ევროპული კომპანიებიც,რომლებიც დაინტერესებულები არიან პროექტის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა. საუბარია, პროფესიონალ კომპანიებსა და ინვესტორებზე. არ მოიაზრება მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტების და საფინანსო ინვესტორების მოზიდვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს, რომლებსაც პარტნიორებად განვიხილავთ, ასეთი პროექტების განხორციელებაში კონკრეტული გამოცდილება ჰქონდეთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობააა იმისა, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ზოგ შემთხვევაში კარგი ინვესტორები გყვავდა, მაგრამ ეს ინვესტორები ამ დარგის წარმომადგენლები არ იყვნენ. სექტორს თავისი სპეციფიკა გააჩნია, მათ შორისაა, ურთიერთობა მოსახლეობასთან პროექტის ორგანიზების სხვადასხვა ეტაპზე,შეფასებები და  სხვადასხვა საკითხი.

-„ხუდონჰესის“ პროექტის ირგვლივ  ყველას გვახსოვს საპროტესტო აქციები. ამ კუთხით  როგორი ხედვა ექნება სახელმწიფოს. მზად არის თუ არა თეორიულად, რომ მოსახლეობის ნაწილის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა ისევ წამოვიდეს? რას აპირებს ამ მიმართულებით მთავრობა?

-ასეთ სტრატეგიულ პროექტებში იმიტომაც არის  მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მონაწილეობა, რომ ჩვენს მოსახლეობას საიმედოობის განცდა ჰქონდეს. ასევე იმის განცდა, რომ ეს არის მათი საკუთრება და მათი სიკეთისთვის გადადგმული ნაბიჯი.

შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან უფრო მეტად მხარდაჭერას, უფრო მეტ ჩართულობას და ჩვენი მხრიდან მათთან უფრო მეტ კომუნიკაციას ველოდებით. პროექტის განხორციელების დაწყებისთანავე მოსახლეობასთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება, მათი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდება, ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს კონკრეტული სიკეთეები ამ პროექტებისგან, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და ა.შ.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით მოხდება ამ პროექტების განხორციელება. ანაკლიის პროექტის შემთხვევაში ზუსტად ვიცით, რომ საკონტროლო პაკეტის წილის მფლობელი  სახელმწიფო იქნება. ამ შემთხვევაში, ჯერ არ აქვს სახელმწიფოს გადაწყვეტილი საკონტროლო პაკეტი ექნება თუ არა?

-გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, ჩვენ ღია ვართ პროცესში, რამდენი პროცენტი იქნება სახელმწიფოსი  ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის.

 მთავარია სახელმწიფო   გადაწყვეტილების მიღებასა და მართვაში  ჩართული იყოს. მნიშნელოვანია, სახელმწიფო მონაწილეობდეს კაპიტალითაც, შესაბამისად, სანდოობა ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქტიური მონწილეობა და არა კონკრეტული პროცენტი იმიტომ, რომ  პროექტის წარმატებისთვის ეს მნიშვნელოვანია.

განსხვავებული სიტუაციაა ანაკლიასთან დაკავშირებით,სადაც ბევრი მსჯელობის და შეფასების შემდეგ გამოვაცხადეთ, რომ ეს  პორტი იქნება სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტის ქვეშ, რადგან ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

ძალიან ბევრი სკეპტიციზმი გამოითქვა ასეთი ფორმით პროექტის განვითარების მიმართ და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. ჩვენ არაერთი შეხვედრა და მოლაპარაკება გვქონდა პოტენციურ პარტნიოებთან, შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოცდილი ოპერატორების მხრიდან. ჩვენ ამ საკითხს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ.

 

 

Businesspartner