ეკონომიკა
02/06/2021

კობა გვენეტაძე: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ინფლაციის მოთოკვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველო ინფლაციი სკუთხით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. გრძელვადიანი, სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის კი, დაბალი ინფლაციაა აუცილებელი.

“მაღალი ინფლაცია თუ დიდი ხანი შენარჩნდება, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი, თუნდაც ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

თუმცა, მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაციის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.

“საქართველო სამწუხაროდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით უარეს საწყის პოზიციაშია. ამ დროს უფრო აგრესიული ნაბიჯებია გადასადგმელი, იმისათვის, რომ ინფლაცია მომავალში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუკავშირდეს. არ ვფიქრობ, რომ კრიზისის დროს მაინცდამაინც მართებულია. რა თქმა უნდა განხილვა უნდა მოხდეს, მაგრამ როდესაც კრიზისია, მოკლევადიან პერიოდში მისი გადაჭრა შეუძლებელია, ასევე ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით. ნამდვილად ოქროს ბალანსია საჭირო.

ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები, ხელფასები, რომელსაც ხალხი მიიღებს, მაგრამ ინფლაცია ზუსტად იმავე ზრდისთვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა მოხდეს გარკვეული ზომების მიღება ამასთან დაკავშირებით, რადგან ვთქვათ თუ ახლა ზრდა მაღალი იქნება და ინფლაციაც მაღალი იქნება, მომავალში ეს ამ ზრდას უფრო შეამცირებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ამიტომ ჯობია ინფლაცია მოვთოკოთ, რომელიც პანდემიის შედეგად გვაქვს და ეს უფრო კარგ საფუძველს შექმნის იმისათვის, რომ შემდეგი ზრდა უფრო მაღალი იყოს“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Businesspartner