ეკონომიკა
08/12/2021

კობა გვენეტაძე: ფასების ზრდა დაუსრულებელი ვერ იქნება, რაღაც დონეზე გაჩერდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, ფასების ზრდა დაუსრულებელი ვერ იქნება და რაღაც დონეზე შეჩერდება. 

სებ-ის პრეზიდენტი 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს. 

"ის გამოწვევები, რაც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რომელიც დღეს უფრო ნაკლებად ხდება. ამავე დროს მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი. აქედან გამომდინარე გაიზარდა ხშირად მოხმარებადი ისეთი საქონლის ფასები, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. რა თქმა უნდა ეს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში შეუძლებელია რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხრვას და აქედან მომდინარე ინფლაციური შოკი ჩააქროს. როდესაც პანდემია დაიწყო, ყველაზე დიდი შიში იყო, თუ რამდენად დიდი იქნებოდა გლობალურად ვარდნა და რამდენად სწრაფად შეძლებდნენ ეკონომიკები ამ ვარდნის შეჩერებას, შემდეგ ისევ ზრდის ტრაექტორიაზე დაბრუნებას. არ უნდა დაღუპულიყო ხალხი, ყველა დონორის მოწოდება იყო, თუ არსებობდა რაიმე საშუალება, ტარგეტირებულად გაცემულიყო სოციალური დახმარებები, ჯანდაცვის ხარჯები, ბიზნესისთვის სხვადასხვა ტიპის დახმარება და ა.შ. როცა ამის გადალახვა მოხდა, უკვე მოჰყვა ინფლაციური პროცესები, რომელიც გლობალური პროცესებია, არ არის მხოლოდ საქართველოს საკითხი. მაგალითად, გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა. რა თქმა უნდა მხოლოდ ცენტრალურ ბანკებს არ შეუძლიათ ამ პრობლემასთან გამკლავება. ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ძირითადად მოთხოვნის ფაქტორებზე მოქმედებს და მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მიწოდების ფაქტორებს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს. 

"მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნება. რაც შეეხება ინფლაციის ხასიათს, ეს ინფლაცია არის დროებითი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შემცირდება. ამისათვის არის მნიშვნელოვანი, იმ ქვეყნებში, სადაც ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის საშიშროება არსებობს, გამკაცრებული პოლიტიკა იყოს შენარჩუნებული. 

როდესაც ამ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, დოლარში დენომინირებული ფასები - ნავთობის, ზეთის, ხორბალის, ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ დაუსრულებლად არ გაგრძელდება ფასების ზრდა, რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება. რა თქმა უნდა უკვე ამის შემდეგ მისი ეფექტი, იგივე თვიური ინფლაციაში ან წლიურ ინფლაციაში აისახება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, იგივე შეფასება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა. 

"ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესის გამოკითხვას და იქაც მოლოდინია, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. 

Businesspartner