ეკონომიკა
03/12/2021

კობა გვენეტაძე: ინფლაცია მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მაღალ ინფლაციას ერთჯერად ფაქტორებს უკავშირებს და განმარტავს, რომ ეს მსოფლიო გამოწვევაა. ამავდროულად ქვეყნის მთავარი ბანკირი მიიჩნევს, რომ მარტიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.

"ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებშია ეს პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა. აშშ-ში ინფლაციამ 6.2% შეადგინა და გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა. FAO-ს ინდექსი ძალიან არის გაზრდილი, ამავე დროს მიწოდების ჯაჭვების მოშლაც იყო. ვფიქრობთ, ეს არის ერთჯერადი ფაქტორები, რომლის გამოც ხდება ინფლაცია. ასევე ბიუჯეტის დეფიციტი, როგორც გასულ წელს და წელსაც მაღალია", - განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ დეკემბერ-იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია შესაძლებელია კიდევ უფრო მაღალი იყოს. გასულ წელს ინფლაციის შემცირებას კობა გვენეტაძე სუბსიდირებით ხნის, მისი მოხსნა კი ინფლაციის მაჩვენებელზე აისახა.

"იმისათვის, რომ მოლოდინებში არ გადავიდეს ინფლაცია, ეროვნულ ბანკს აქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი მოქმედი ფაქტორიდან გამომდინარე, როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძნელია ზუსტი პროგნოზირება. 8 დეკემბერს არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ თუ რა ზომებია მისაღები, ხომ არ არის უფრო გასამკაცრებელი პოლიტიკა და არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განმარტა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ლარის კურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, როგორც არაერთხელ განმარტა, რომ იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკები, სადაც მცურავი გაცვლითი კურსია, ვალუტის კურსის მოკლევადიან მოძრაობაზე კომენტარს არ აკეთებენ, რადგანაც ამ დროს განვითარებული მოვლენების სრული ანალიზი შეუძლებელია. "როდესაც იქნება საგადამხდელო ბალანსი, ანუ ინფორმაცია, რომელიც თითქმის ყველაფერს მოიცავს, რაც გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე, სწორედ მაშინ გახდება ეს შესაძლებელი", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები